20 ნოემბერი 2024,   09:38
ვრცლად
არ გამოვრიცხავ, ჯერ მიიღოს გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე და შემდეგ წარსდგეს პარლამენტის წინაშე - მამუკა მდინარაძე

„არ გამოვრიცხავ, რომ ჯერ მან მიიღოს გადაწყვეტილება, მიიღებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას და ამის შემდეგ წარსდგეს პარლამენტის წინაშე,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, პრეზიდენტის პარლამენტის წინაშე წარდგენასთან დაკავშირებით გააკეთა.

მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობა პრეზიდენტის საკანონმდებლო ორგანოში მისვლას ელოდება.

„რეგლამენტი უკვე დარღვეულია, თუმცა, ხდებოდა ხოლმე პრაქტიკაში ამ ვადის გადაწევა და ეს ხდებოდა ურთიერთშეთანხმებით პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის. ჩვენ ველოდებით პრეზიდენტის წინადადებას, როდის მობრძანდება პარლამენტში. ჩვენ მზად ვართ, ვუმასპინძლოთ. როგორც ჩანს, ჯერ შესაფერისი და შესაბამისი პოლიტიკური ამინდი არ არის, მისი აზრით, რომ მოვიდეს და თავის მოხსენება წარმოადგინოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ვართ უკვე მოლოდინის რეჟიმში,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძე ვარაუდობს, რომ პრეზიდენტმა პარლამენტის წინაშე წარსდგომამდე გადაწყვიტოს, მიიღებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.

„არ გამოვრიცხავ, რომ ჯერ მან მიიღოს გადაწყვეტილება, მიიღებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას და ამის შემდეგ წარსდგეს პარლამენტის წინაშე და ეს იქნება მისი პოლიტიკური მიზნების და დღის წესრიგის ნაწილი, მაგრამ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ვარაუდი,“ - აღნიშნა მდინარაძემ.

საქართველოს პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიური მოხსენებით 2 მაისს წარსდგება.

დღის ამბები