ხმაური და მწვავე განხილვა გარემოს დაცვის კომიტეტზე - ოპოზიციური პარტიები კომპანია RMG GOLD-თან დაკავშირებით სახელმწიფოს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას სთხოვენ და ასევე, კომპანიის მიერ გარემოსთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას.
ნაციონალური მოძრაობაში ინტერესთა კონფლიქტზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ადამიანები, რომლებიც RMG GOLD-ში მაღალ თანამდებობას იკავებენ, ისინი მანამდე გარემოს დაცვის სამინისტროში მუშაობდნენ.
ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას, სთხოვდნენ, განემარტა, თუ რა კავშირი აქვს დღემდე RMG GOLD-თან.
„თქვენ ასევე ბრძანდებით მფლობელი Umbrella Enterprise-ის, თქვენ პირადად, სავარაუდოდ, მილიონობით ლარის სარგებელს ნახულობთ იმ საძიებო სამუშაოებიდან, რაც მიმდინარეობს ბოლნისი-დმანისის მუნიციპალიტეტში,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის მდივანმა, თინათინ ბოკუჩავამ.
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ, ოპონენტები სპეკულირებაში დაადანაშაულა და უარყო Umbrella Enterprise-ში წილის ქონა.
პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, კომპანიებისთვის დაწესებულ შეუსაბამო სანქციებზე საუბრობს და მაგალითად ჭიათურის მანგანუმის ჯარიმა მოიყვანა. გოცირიძის განმარტებით, სახელმწიფომ კომპანია RMG, დაახლოებით, 255 ათასი ლარით დააჯარიმა, ხოლო ჭიათურ მანგანუმი - 360 მილიონი ლარით.
„რატომ არ აჯარიმებთ ჰაიდელბერგცემენტს, რომელიც არის ივანიშვილის საკუთრება, ეს არის ზუსტად შერჩევითი მიდგომა. ერთს აჯარიმებთ იმდენით, რომლის აქტივებიც არ არის 360 მილიონი, ხოლო მეორეს აჯარიმებთ იმდენით, რომ სასაცილოა, როდესაც RMG-მ ამ ხელისუფლების არსებობის პირობებში ექსპორტზე გაიტანა 1.7 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი,“ - განაცხადა გოცირიძემ.
სანქციების გამკაცრებაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილმა, ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტრო ამ ინიციატივით გამოსვლასაც გეგმავს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, კი ყურადღება ატუ-ზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ აღნიშნული კომპანია ჯანმრთელ ხეებს ჩეხავს.
ლევან დავითაშვილმა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ეს არის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც უძღვება თეატრების და მუზეუმების გადახურვას.
გარემოს დაცვის კომიტეტზე ხმაურიანი და მწვავე განხილვის შემდგე საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ გარემოს დაცვის კომიტეტთან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც RMG GOLD-თან დაკავშირებით ინფორმაციას პერიოდულად წარადგენს.