20 ნოემბერი 2024,   09:24
ვრცლად
ირაკლი ქორიძის შეწყალების თემა - შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე კომენტარს აკეთებს

შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ ნარკოდანაშაულისათვის დაკავებული ირაკლი ქორიძის შეწყალების თემაზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, შეწყალების კომისიის წევრები იღებენ სარეკომენდაციო გადაწყვეტილებას, რომელსაც პრეზიდენტს სთავაზობენ. ზვიად ქორიძის შეფასებით, ქორიძესთან დაკავშირებით კომისიის სარეკომენდაციო გადაწყვეტილება დადებითი იყო.

„კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ გუშინ საჯაროდ გააკეთა განცხადება. მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ მსგავსი ინფორმაცია კომისიას არ ჰქონია, მეტიც, ასეთი ტიპის ინფორმაციები კომისიას საერთოდ არ გააჩნია და როდესაც ასეთ ინფორმაციას ავრცელებს ესა თუ ის საჯარო პირი, ან მედიასაშუალება, ბუნებრივია, მან გარკვეული ტიპის პასუხისმგებლობაც უნდა აიღოს იმის გამო, რომ ის ამით ძალიან სერიოზულ ჩირქს ცხებს კონკრეტულად შეწყალების საქმეთა კომისიას. ეს ადამიანები ნამდვილად არ იღებენ გადაწყვეტილებებს ნათესაური კავშირების და სხვა ინტერესების გამო. ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენი საზოგადოების დეზინფორმირებაც მიდის, რომ, თითქოს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მუშაობს შეწყალების აქტის მომზადებაზე, არა.

"შეწყალების აქტის მომზადება ხდება ამ ფორმით. სწორედ ეს ადამიანები, შეწყალების კომისიის წევრები იღებენ სარეკომენდაციო გადაწყვეტილებას, რომელსაც პრეზიდენტს სთავაზობენ. ირაკლი ქორიძესთან დაკავშირებით კომისიის  სარეკომენდაციო გადაწყვეტილება იყო დადებითი, შევთავაზეთ პრეზიდენტს მაშინ საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლება და პრეზიდენტმა ჩვენი რეკომენდაცია გაიზიარა. ეს არის მიზანმიმართული შეტევა არა მხოლოდ პრეზიდენტის წინააღმდეგ, ეს არის მიზანმიმართული შეტევა არა მხოლოდ შეწყალების კომისიის იმ შემადგენლობის წინააღმდეგ, რომელიც დღეს მუშაობას, ან მუშაობად 2014 წელს, ეს არის მიზანმიმართული შეტევა შეწყალების პროცესის, შეწყალების იდეის წინააღმდეგ,“- განაცხადა ზვიად ქორიძემ.

ზვიად ქორიძის მიერ გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა 64 პატიმარი შეიწყალა. აქტს ხელი გიორგი მარგველაშვილმა უკვე მოაწერა, შეწყალებულთა შორის სამი ქალი და ორი არასრუწლოვანია. განცხადება შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

შეწყალების კომისიამ სულ 335 პირის საქმე განიხილა და პრეზიდენტს საკუთარი რეკომენდაციები გადაუგზავნა.

შეწყალებულთაგან 41 მსჯავრდებული, მათ შორის ერთი ქალი საპატიმროს დღესვე დატოვებს.

დღის ამბები