სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს ექსპერტები დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ საფრთხეები სწორად არის დანახული, თუმცა "საქართველოს ატლანტიკური საბჭოს" ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია აცხადებს, რომ ამ ფონზე ჩნდება კითხვა, თუ რამდენად აქვს სახელმწიფოს ერთიანი სტრატეგია ამ საფრთხეების გასანეიტრალებლად.
„ანგარიშში სწორად და ზუსტად არის განსაზღვრული ის მთავარი საფრთხე, რაც დღეს საქართველოს სახელმწიფოებრიობას ემუქრება ეს არის რუსეთი და მისგან მომდინარე სხვადასხვა სახის საფრთხეები, კომბინაციაში ჰიბრიდულ საფრთხედ შეფასებული. ეს ემთხვევა იმ საფრთხეების შეფასებას რაც თავდაცვის სამინისტროს თავის სტრატეგიული თავდაცვის მიმოხილვის დოკუმენტში აქვს გამოყენებული.
მეორე შეკითხვა, რაც ამასთან დაკავშირებით იბადება არის ის, რამდენად ეს არის საერთო სახელმწიფო სტრატეგიის ნაწილი და რა ზომები იქნება გადადგმული ამ საფრთხეების გასანეიტრალებლად,“-აცხადებს ბათუ ქუთელია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის ანგარიშში ქვეყნისთვის მთავარ გამოწვევად ოკუპანტი ქვეყანა და ოკუპრებულ რეგიონებში ანექსიის პროცესი სახელდება.