20 ნოემბერი 2024,   09:19
ვრცლად
20 ათას 20 ლარი - რიგითი ევკალიპტის გადასარჩენად საჭირო თანხა ოპოზიციამ უკვე მოაგროვა

რიგითი ევკალიპტის გადასარჩენად საჭირო 20 ათას 20 ლარი, ოპოზიციამ უკვე მოაგროვა. ინტერპარტიულმა ჯგუფმა ოფიციალური შეტყობინებით ფინანსთა სამინისტროს მიმართა. აუქციონში გამარჯვებულმა ოპოზიციონერებმა თანხა უკვე  გადაიხადეს, შესაბამისად, ინტერპარტიული ჯგუფის წევრები ევკალიპტის ხის ოფიციალური მფლობელები არიან.

ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის პირველი დამარცხებაა.

„ჩვენ გადავარჩინეთ ერთი ხე, ერთი ევკალიპტი, მაგრამ ეს ევკალიპტი გახდა ბრძოლის სიმბოლო, გამარჯვების სიმბოლო, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ მაშინ, როდესაც გავერთიანდებით. ამ ერთიანობით, ჩვენ აუცილებლად შევძლებთ, რომ ზოგადად დავამარცხოთ ივანიშვილის ეს ახირებული მმართველობის წესი, რაც მან დაამკვიდრა ჩვენს ქვეყანაში,“ - განაცხადა  პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” მდივანმა თინათინ ბოკუჩავამ.

პოლიტიკური პლატფორმა ”ახალი საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ ხე ტურისტულ მარშრუტში შევა.  

„ეს არის საბოლოო გამარჯვების პირველი დასაწყისი, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ ამ შემთხვევაში. ეს ხე იქნება საქართველოს გამარჯვების სიმბოლო, ეს ხე დარჩება ადგილზე,“ - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

განცხადება გააკეთა საქართველოს რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა თამარ კორძაიამაც. 

„ამ 300-წლოვან ხეს უკვე ის ვეღარ წაიღებს, იმიტომ რომ აქედან უნდა დაიწყოს წინააღმდეგობის გაწევა თვითნებობასთან მიმართებაში,“ - განაცხადა თამარ კორძაიამ.

დღის ამბები