პარლამენტის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად ნინია კაკაბაძის არჩევას „ევროპული საქართველოს“ წევრები გამოეხმაურნენ. მათი თქმით, ოპოზიციის მიერ დასახელებული კანდიდატის მხარდაჭერით მათ კვოტების მიმართაც პატივისცემა გამოხატეს.
„ევროპულ საქართველოში“ ასევე ამბობენ, რომ ბორდის წევრად კანდიდატის არჩევისას საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან რელიგიური რწმენის გამოყენება არასწორია.
„ადამიანებმა, ვინც მხარი დაუჭირა ნინია კაკაბაძეს, დაადასტურეს პატივისცემა კვოტების მიმართ. ეს არაფერი რევოლუციური არ არის. წინა ხელისუფლების დროსაც ხელისუფლების მაკრიტიკებელი პიროვნებები იყვნენ არჩეულნი ყოველთვის ბორდში. ვთვლით, რომ რელიგიური რწმენის გამოყენება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის გამოყენება არ არის კარგი საქციელი, მით უმეტეს, როდესაც თავად გაქვს მსგავსი ამბები გამოყენებული და ხმა გაქვს მიცემული ადამიანისთვის, რომელიც წმინდა ნინოს ბიძინა ივანიშვილს ადარებდა,“- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
„ევროპულ საქართველოში“ ამბობენ, რომ ნინია კაკაბაძე ოპოზიციისა და საზოგადოების ხმა იქნება, რომელიც მოსახლეობის ინტერესებს დაიცავს.
„მადლობა უნდა გადავუხადოთ უმრავლესობის ყველ იმ წევრს, რომელმაც ხმა მისცა და ხმა მისცა არა „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს, არამედ ოპოზიცის კანდიდატს, ადამიანს, რომელიც იქნება ოპოზიციის ხმა, გამოირჩევა პრინციპულობით. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ბორდში იყოს განსხვავებული მოსაზრების ადამიანი, რომელიც საზოგადოების ინტერესებს დაიცავს და არა უმრავლესობის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს,“- განაცხადა სერგო რატიანმა.