„რუსთავი 2"-ზე განხორციელებული თავდასხმის გამო „ქართული მარშის“ წევრების დაკავებას პარლამენტის სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, ალექსანდრე ერქვანია გამოეხმაურა. მისი თქმით, „ქართული მარშის“ წევრებისთვის პატიმრობის შეფარდება არასამართლიანია.
„დღეს, სამწუხაროდ, ზოგიერთს მართლმადიდებლობის და მართლმადიდებლების შეურაცხყოფა სიტყვის თავისუფლება ჰგონია, ხოლო მათი მხრიდან პროტესტის გამოხატვა დანაშაული. ახალგაზრდებისთვის, რომლებმაც ვერ მოითმინეს შემოქმედის გაქილიკება და უმტყუნათ მოთმინებამ მათთვის პატიმრობის შეფარდება არასამართლიანი და არამართლზომიერია. ყველანაირი ძალადობა მიუღებელია. დამონებული და უთავმოყვარეო ერი არც ევროპას სჭიდება არც არავის, ამიტომ, უნდა გამოვფხიზლდეთ და არავის უნდა მივცეთ ჩვენი ერის, სარწმუნოების, წმინდანებისა და წინაპრების შეურაცხყოფის უფლება,“- განაცხადა ალექსანდრე ერქვანიამ.
რამდენიმე დღის წინ „ქართული მარშის“ წევრებმა, რომლებიც გიორგი გაბუნიას საკადრო ტექსტის შინაარსს აპროტესტებდნენ, სამაუწყებლო კომპანიის იურისტის მანქანა ალყაში მოაქციეს და გაბუნიასა და თამთა მურადაშვილს, დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში გადაადგილების უფლებას არ აძლევდნენ.
დაპირისპირების შედეგად "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს, დავით ერაძეს „ქართული მარშის“ წევრებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.