ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის გართულებული ურთიერთობების ფონზე, თეთრ სახლს ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერები სტუმრობდნენ. 3 ქვეყნის პრეზიდენტები, დონალდ ტრამპს შეხვდნენ. განხილვის მთავარი თემა გლობალური უსაფრთხოება და მის დაცვაში შეერთებული შტატების, როგორც ლიდერი ქვეყნის როლი იყო. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დღეს შეერთებული შტატები რუსეთის ყველა ცუდ ქმედებაზე მკაცრად რეაგირებს. თუმცა ტრამპმა აღნიშნა ისიც, რომ დაინტერესებული რუსეთთან და ვლადიმერ პუტინთან კარგი ურთიერთობით.
“რუსეთთან ურთიერთობა კარგი იქნება და არა ცუდი. ამაში ყველა თანხმდება, ძალიან სულელი ადამიანების გარდა,” -განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ეს განცხადება პრეზიდენტმა ესტონეთის, ლატვიის და ლიტვის ლიდერებთან თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. ბალტიის ქვეყნების პრეზიდენტების ვაშინგტონში ვიზიტი ემთხვევა გართულებულ რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებს, რომლებიც ამერიკიდან დაზვერვის 60 რუსი თანამშრომლის გაძევებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, კიდევ უფრო გამწვავდა.
„ვფიქრობ, იმედია, შეგვიძლია გვქონდეს კარგი დიალოგი. თუ ასე არ იქნება, თქვენ პირველები იქნებით, რომლებიც ამის შესახებ გაიგებთ. არავინ ყოფილა ჩემსავით მკაცრი რუსეთთან. ბევრი რამ გავაკეთე, არა მხოლოდ 60 დიპლომატთან დაკავშირებით. გერმანიამ და საფრანგეთმა 4-4 დიპლომატი გააძევეს. ჩვენ 60. არავინ ყოფილა უფრო მკაცრი რუსეთთან დამოკიდებულებაში. ვფიქრობ, მე შემიძლია მქონდეს ძალიან კარგი ურთიერთობები პრეზიდენტ პუტინთან. ასევე შესაძლებელია, არც მქონდეს და დამიჯერეთ, ამ ოთახში ეს ჩემზე უფრო ადრე ეცოდინებათ. არის რეალური შესაძლებლობა, მქონდეს კარგი ურთიერთობა და დაიმახსოვრეთ, კარგი ურთიერთობა რუსეთთან კარგია. ჩინეთთან კარგი ურთიერთობაც კარგია. კარგი ურთიერთობა სხვა ქვეყნებთან, მათ შორის თქვენს 3 ქვეყანასთან კარგია და არა ცუდი. ასე, რომ ვფიქრობ, შეიძლება მქონდეს ძალიან კარგი ურთიერთობა რუსეთთან და პრეზიდენტ პუტინთან. თუ ეს მოხდება, არაჩვეულებრივი იქნება, თუმცა დიდი შესაძლებლობაა, რომ ასე არ მოხდეს. ვინ იცის,”-განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ბალტიის ქვეყნების ლიდერებმა პრეზიდენტ ტრამპთან გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ შეერთებულ შტატებს მათი სახით ევროპაში საუკეთესო მოკავშირეები ჰყავს. ასევე ხაზი გაუსვეს თუ რამდენად არის აუცილებელი შეერთებულ შტატების, როგორც ლიდერის როლი ნატოს გაძლიერებაში, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.