ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ - პრემიერ-მინისტრის ახალ ინციატივას შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებს გააცნობს. ინიციატივა კი ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობისათვის განათლების, ვაჭრობისა და თავისუფალი გადაადგილების შეთავაზებას ითვალისწინებს.
„გაეროს ტრიბუნიდან განაცხადა ამის თაობაზე პრემიერ-მინისტრმა და თქვენ იცით, რომ ეს არის ყველაზე ფართო და წარმომადგენლობითი საერთაშორისო ფორმატი. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ იმაზე რა აინტერესებს საქართველოს ხელისუფლებას, რა აინტერესებს ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ გამყოფი ხაზების ორივე მხარეს და რა თქმა უნდა საქათველოს ხელისუფლების მცდელობაზე და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით პირველ რიგში იმაზე, რომ მაქსიმალურად იქნას რისკები ნიველირებული, შეფერხებები ნიველირებული და იქნეს შესაძლებელი აი ამ ინიციატივების თანდათან ამოქმედება,“-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
შეხვედრის დაწყების წინ კომენტარები გააკეთეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც. "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე სულხან სალაძე აცხადებს, რომ დოკუმენტი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია.
„ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ იმ სფეროებში რომელიც უკავშირდება განათლებას, ჯანდაცვას ეს ის სფეროებია, სადაც ნამდვილად შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. მათ შორის ეს იქნება აფხაზური ენის დაცვა თუ სხვადასხვა ტიპის აქტივობები. ვფიქრობ, რომ ამ ტიპის ინიციატივები რეალურად იქნება ის ნაბიჯი რომელიც ხელს შეუწყობს ახალ თაობებს შორის ნდობის გაჩენას და გაღვივებას,“-განაცხადა სულხან სალაძემ.
მესამე სექტორის ჩართვის აუცილებლობაზე საუბრობს ”ლიბერალური აკადემია თბილისის” დირექტორი. ლაშა ტუღუში ამბობს, რომ მნიშვნელოვანია მოხდეს ამ მიმართულებით კონსოლიდაცია.