20 ნოემბერი 2024,   09:27
ვრცლად
საპარლამენტო უმრავლესობა "ქართულ ოცნებაში" დაპირისპირებას უარყოფს

საპარლამენტო უმრავლესობაში არსებული დაპირისპირების შესახებ არსებულ ინფორმაციას ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე უარყოფს. მამუკა მდინარაძე გუნდში არც ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს ადასტურებს და აცხადებს, რომ მათთან გადაწყვეტილებების მიღება ძირითადად გუნდურად ხდება.

რაც შეეხება გედევან ფოფხაძის საპარლამენტო უმრავლესობიდან წასვლას - ამ თემაზე კონსულტაციები აღდგომის დღესასწაულის შემდეგ გაგრძელდება.

„კვირა არ გავა არ ჩავატაროთ ან ფრაქციის ან უმრავლესობის სხდომა, მსგავსი საკითხებიც ალბათ შემდეგ კვირაში განიხილება სხვა მრავალ საკითხთან ერთად. ჩვენ არასდროს დაგვიმალავს, რომ 115 კაცში შეუძლებელია ყველა ყალიბდებოდეს ერთ აზრზე, ცხარე დისკუსიებია, მაგრამ მთავარია, რომ გადაწყვეტილებები უმრავლეს შემთხვევაში მიიღება გუნდურად“- აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ოპოზიციაში კი დარწმუნებულები არიან, რომ დაპირისპირების რეალური მიზეზი გუნდის წევრებს შორის ინტერესთა კონფლიქტია.

„ეს არ არის იმ ადამიანების განცხადებები და გულისწუხული, რომლებიც რაიმე პიროვნულმა ან პოლიტიკურმა თავმოყვარეობამ კი არ შეაწუხა, უბრალოდ მათ ინტერესებს ვიღაცამ გადაურბინა, თორემ ისინი როგორც იყვნენ ივანიშვილის ფულის გარშემო შემოკრებილი ისე რჩებიან და დარჩებიან“-ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ბარამიძე.

„ევროპულ საქართველოში კი აცხადებენ, რომ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმრავლესობაში მხოლოდ ივანიშვილი იღებს, მისი გუნდის წევრები კი გადაწყვეტილებებს საერთოდ ვერ იღებენ, ამიტომაც „ქართულ ოცნებაში“ ქაოტური მდგომარეობაა.
„როცა ივანიშვილი არ ერევა იმის გამო, რომ პრაქტიკულად დეპუტატების დიდ უმრავლესობას საკუთარი პოლიტიკური კაპიტალია რ გააჩნია არის ქაოტური დაპირისპირებები“- ამბობს ოთარ კახიძე.

დღის ამბები