სოფელ აძვის ეკლესიიდან რუსმა ოკუპანტებმა ორი ადგილობრივი გაიტაცეს და ამ დრომდე მათი ოჯახის წევრებს ოკუპირებული ტერიტორიიდან არავინ დაკავშირებია.
წინასწარი ინფორმაციით, მოქალაქეები ტაძარში სალოცავად იყვნენ ასულები, სადაც ე.წ. მესაზღვრეებმა დააკავეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ელდარ გუნდიშვილი და თეიმურაზ კაზოროვი უკვე ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.
„ჩვენ ოსები არაფერს გვიშავებენ, მაგრამ ეს რუსები იტაცებენ ჩვენს მოსახლეობას და ასეთ დღეში ვართ. ბაღები მოყოლილია იქით და გვეშინია, რომ ჩვენი ბაღები დავამუშაოთ,“ - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
სოფელ აძვის გამგებელი, ტარიელ ბათიაშვილი, აღნიშნავს, რომ სამართალდამცველები შემთხვევის ადგილთან ამ დრომდე რჩებიან.
ტარიელ ბათიაშვილის თქმით, დაზუსტებით არავინ იცის, რა მოხდა რეალურად და როგორ გაიტაცეს ორი ადგილობრივი ე.წ. მესაზღვრეებმა.
სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ცხელი ხაზი უკვე ამოქმედებული და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია.