9 აპრილის ტრაგედიიდან 29 წელი გავიდა. მემორიალი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს.
მათ შორის იყვნენ „ქართული ოცნების“, „ნაციონალური მოძრაობის“, „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ლეიბორისტული“ პარტიის წევრები.
ახალგაზრდებმა პარლამენტის შენობასთან სანთლები დაანთეს მომხდარ ტრაგედიაზე ისაუბრეს.
„დღეს თუ ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ვიყოთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები, სწორედ ამ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც 89 წელს აქ იდგნენ და თავი გაწირეს ჩვენი თავისუფლებისთვის,“-აცხადებს „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თბილისის თავმჯდომარე ბაჩო ცომაია.
მათი თქმით, აუცილებელია ქვეყნის ისტორიის ეს უმძიმესი დღე ყველას ახსოვდეს, რადგან ის რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის კიდევ ერთი დადასტურებაა.
„კიდევ ერთხელ მსოფლიოს უნდა ვუთხრათ, რომ 9 აპრილი არავის დავიწყებია და რუსებს შევახსენეთ დღეს, რომ სწორედ ამ გამზირზე, დადიოდნენ რუსული ტანკები და ებრძოდნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას,“-განაცხადა ენმ-ს აფხაზეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ბესო შენგელიამ.