საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ქართული კინოს ვარსკვლავის ლეილა აბაშიძის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება.
გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას ავრცელებს. პრემიერი მსახიობის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
"დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ქართული კინოს ერთ–ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის ლეილა აბაშიძის გარდაცვალების გამო. თანავუგრძნობ და ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და ახლობლებს.
ლეილა აბაშიძემ თავისი შემოქმედებით უდიდესი კვალი დატოვა ჩვენი კინოს ისტორიაში.
მისმა შექმნილმა კინოგმირებმა, რომლებიც ძალიან ახლობელი, დაუვიწყარი და გამორჩეულად ძვირფასია მაყურებლისთვის, იგი ნამდვილ კინოვარსკვლავად აქცია.
ვუსამძიმრებ ქართული კულტურის მოღვაწეებსა და მაყურებელს დიდი მსახიობის გარდაცვალებას,"- ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.
ქართული კინოს ვარსკვლავი ლეილა აბაშიძე გარდაიცვალა გუშინ გარდაიცვალა. აბაშიძე ბოლო ერთი თვის განმავლობაში ავადმყოფობდა.
ლეილა აბაშიძე 1929 წლის პირველ აგვისტოს დაიბადა. მას 30-მდე კინოროლი ჰქონდა შესრულებული, მათ შორის ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორიცაა "ჭრიჭინა," "მაია წყნეთელი," "შეხვედრა მთაში," "ისინი ჩამოვიდნენ მთიდან" და სხვა.