9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან დღეს 29 წელი შესრულდა - დღევანდელი დღის აღსანიშნავად და დაღუპულებისთვის პატივის მისაგებად რუსთაველის გამზირზე დილიდან მიდიან მათი ოჯახის წევრები, საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკოსები და სასულიერო პირები.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა ბიბილაშვილი აღნიშნავს, რომ 9 აპრილი გამოწვევებთან გამკლავების საუკეთესო მაგალითია.
„ეს არის ჩვენთვის გაკვეთილი ყველა კონტექსტში და ყველა დროში, მათ შორის, დღესაც, როდესაც ის უბედურება, რომელიც ამ ქვეყანას დაატყდა თავს ამ ხელისუფლების სახით, როგორ უნდა შევცვალოთ, უიმედობა, როგორ უნდა ვაქციოთ მომავლად და როგორ უნდა დავუბრუნოთ ამ ქვეყანას მომავლის რწმენა და იმედი,“ - განაცხადა ბიბილაშვილმა.
„თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე, შალვა შავგულიძის თქმით, 9 აპრილს დაწყებული ბრძოლა დღესაც გრძელდება და დეოკუპაციისთვის ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს.
„მივაღწიოთ ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციას და დავიცვათ საქართველ9ოს დამოუკიდებლობა იმ ტერიტორიის ფარგლებში, რომლებშიც 9 აპრილის შემდეგ საერთაშორისო თანამეგობრობამ ჩვენ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გვაღიარა და გვაღიარებს დღესაც,“ - განაცხადა შალვა შავგულიძემ.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე, ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ დღეს მოქალაქეების ვალია, რომ 9 აპრილს გაღებული მსხვერპლი დაიცვან.
„ტრაგიკული დღე არის, მაგრა ამავე დროს ეს დღეს არის სიმბოლო იმის, რომ როცა საზოგადოება არის შეკრული, ჩვენს მტერს ასეთი ძალადობის მიუხედავად არ შეუძლია, ჩვენი თავისუფლების საბოლოო ჯამში შეზღუდვა და ამ დღემ ერთ-ერთი გარდამტეხი როლი ითამაშა იმაში, რომ საქართველომ მოიპოვა თავისუფლება,“ - აცხადებს ბოკერია.
საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ მოსახლეობის პროტესტი 1991 წლის 9 აპრილს უკვე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დასრულდა.