გედევან ფოფხაძემ შეურაცხყოფა მიაყენა თანაგუნდელებს - ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა გააკეთა.
„ვფიქრობ, რომ მისი საჯარო განცხადება იყო მისი თანაგუნდელებისთვის ცოტა შეურაცხმყოფელი, ეს აშკარაა. ამიტომ, ალბათ, პოლიტიკურ და საჯარო სივრცეში მეტი დაფიქრება და დაკვირვება გვმართებს, როცა განცხადებებს ვაკეთებთ,“ - განაცხადა მათიკაშვილმა.
დავით მათიკაშვილის ფოფხაძის განცხადებისადმი გამოთქმულ კრიტიკას პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძეც იზიარებს. მდინარაძე აცხადებს, რომ რამდენიმე დეპუტატმა განცხადებების გაკეთებისას შეცდომა დაუშვა.
„მე კიდევ ერთხელ დავადასტურებ, რომ რამდენიმე დეპუტატის მხრიდან იყო შეცდომა დაშვებული, მათ შორის, განცხადებების გაკეთების დროს. თუნდაც, გედევან ფოფხაძე, მან ძალიან იჩქარა, როდესაც იმ განცხადებას აკეთებდა, რომელიც გააკეთა,“ - განაცხადა მდინარაძემ.
გედევან ფოფხაძემ მმართველი პარტიის დატოვება მას შემდეგ დაანონსა, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად ნინია კაკაბაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.