„ვთავაზობ ოპოზიციას, გაერთიანდეს ჩემი კანდიდატურის გარშემო,“ - "ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი, მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციას საკუთარი კანდიდატის გარშემო გაერთიანებას სთავაზობს.
ნათელაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციური ძალების გაერთიანების შესახებ კონსულტაციები დიდი ხანია მიმდინარეობს.
„ამაზე კონსულტაციები კაი ხანია ოპოზიციაში მიდის, ოპოზიციური ძალების სხვადასხვა ფრაქციებში და ფრთებში. მე ვიმედოვნებ, რომ ჩამოყალიბება და საერთო გადაწყვეტილების მიღება იქნება შესაძლებელი. თუმცა მე, რა თქმა უნდა, ისევ ვთავაზობ ოპოზიციას, გაერთიანდეს ჩემი კანდიდატურის გარშემო და დარწმუნებული ყავით, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩემი გამარჯვება სამ დღეში დაამთავრებს ივანიშვილის რეჟიმს. მერე ჩავატარებთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და შევქმნით კოალიციურ მთავრობას და ყველა გავაკეთებთ საქართველოსთვის იმას, რისი თავი და შესაძლებლობა გვაქვს,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
პოლიტიკური პლატფორმა ”ახალი საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ოპოზიციაში გარკვეულ გაერთიანებებთან დაკავშირებით ნამდვილად მიმდინარეობს.
„პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მძლავრი გაერთიანება ჩამოყალიბდეს ახლაც, ამ საპრეზიდენტო არჩევნებზე. სადაც ყველა ოპოზიციური პარტია გადადებს უკან თავის პერსონალურ ინტერესებს და მაქსიმალურად საერთო ფლანგით შევუტევთ ამ არჩევნებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვოს სწორედ ჩვენმა კანდიდატურამ,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ერთიანი კანდიდატის გარშემო ოპოზიციის გაერთიანებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ცოტა მოგვიანებით მიიღებენ.
„ჩვენ ამაზე გადაწყვეტილებას მივიღებთ, სავარაუდოდ, აპრილის ბოლო, მაისის დასაწყისში, ამიტომ ჯერჯერობით, ნაადრევია ამაზე საუბარი. ჩვენ ახლა ველოდებით ხონი-ვანის არჩევნებს, მთელი ჩვენი აქცენტი გადატანილი გვაქვს ამ კონკრეტულ რეგიონზე, მიგვაჩნია, რომ იქ არის შანსი, რომ ოპოზიციამ დაამარცხოს ხელისუფლება და ამით სერიოზული ძვრა უყოს მას,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.