სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილმა კანონმდებლებს უწყების 2017 წლის ანგარიშს აცნობს.
გომელაურის უწყების ანგარიშს 3 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მოისმენენ. დოკუმენტი სუს-მა 3 აპრილს გამოაქვეყნა და მასში მთავარ საფრთხედ ოკუპანტი ქვეყანა - რუსეთი და ანექსიის პროცესი სახელდება.
საპარლამენტო ოპოზიციაში რამდენიმე ძირითადი კითხვა არსებობს, რომლებზეც პასუხის მოსმენას დეპუტატები დღეს ელიან.
„ევროპულ საქართველოში“ თბილისში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შესახებ აქვთ კითხვები. საპარლამენტო უმცირესობაში აინტერესებთ როგორ მოხვდა ჩატაევის ტერორისტული ჯგუფი საქართველოს ტერიტორიაზე და ჰყავდათ თუ არა მათ მფარველები საქართველოში.
ტერორიზმთან ბრძოლის საკითხის გარდა, საპარლამენტო უმცირესობა ითხოვს დასახელდეს ყველა ის ჯაშუშური ჯგუფი და ქსელი, რომლებიც საქართველოში რუსული გავლენის გასაძლიერებლად მუშაობს.
"საქართველოში არსებობენ მტრული სახელმწიფოების და პირველ რიგში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პირები, არსებობენ პოლიტიკური დაჯგუფებები და არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ ახდენენ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას და ფინანსდებიან რუსეთისაგან ამ მიმართულებით საჭიროა მეტი კონკრეტიკა მათ შორის დასახელება კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების თუ სხვადასხვა ორგანიზაციების“-აცხადებს ირაკლი აბესაძე.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ კი აცხადებენ, რომ მათ გომელაურის უწყების პასუხი აინტერესებთ კითხვაზე „არის თუ არა საქართველოში არაფორმალური მმართველობა და წარმოადგენს თუ არა ეს პრობლემას. გიორგი ბარამიძის თქმით, ქვეყნაში მდგომარეობა თითქმის ყველა მიმართულებით გაუარესდა.
„არის თუ არა საფრთხე ქვეყნისთვის არაფორმალური მმართველობა?-ეს არის ფუნდამენტური შეკითხვა. ეს სტრუქტურა არ ემსახურება ქვეყნის უსაფრთხოებას, ყველამ ვიცით, რომ 3500 კაცი, რომელიც აქ 24 საათიან რეჟიმში მუშაობს იღებენ იმ დავალებას რომ ემსახურონ არა სახელმწიფო ინტერესებს არამედ პირადად გათავხედებული ფეოდალის, ოლიგარქის ივანიშვილის პოლიტიკური ინტერესი. ამ ხელისუფლების პირობებში გაუარესდა მდგომარეობა იქნება ეს რუსეთთან ურთიერთობები და ოკუპაცია, იქნება ეს ტერორიზმთან ბრძოლა, თუ კორუფცია, რომელიც ამ ქვეყანაში აყვავდა,“- ამბობს ბარამიძე.
საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ საინტერესოა ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით მუშაობის დეტალები. კობა ნარჩემაშვილის თქმით, საინტერესოა სად ხდება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში მყოფი ტერორისტების გადინება და რა როლი აქვს ამ კუთხით საქართველოს.
„უფრო დაწვრილებით ანგარიში წარმოუდგენელია წარმოადგინოს, დეტალიზაციის თვალსაზრისით, უსაფრთხოების სამსახურმა, იმიტომ რომ ეს პირდაპირ წინააღმდეგობაში მოვა ჩვენს სახელმწიფო ინტერესებთან. ჩვენ პირდაპირი ინტერაქციის დროს გვექნება საშუალება უფრო დაზუსტდეს...“- აცხადებს უმრავლესობის დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი.
საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრისთვის არჩილ თალაკვაძისთვის მნიშვნელოვანი საკითხებია ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხე, ასევე სამუშაოები ანტიტერორისტული საქმიანობის კუთხით. უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ის განსაკუთრებულად გამოყოფდა საქართველოს ტერიტორიაზე მტრულად განწყობილი ქვეყნების სპეცსამსახურების მოქმედების საკითხს.
„ჩანს, რომ სპეციალურად მუშაობდნენ იმისათვის, რომ მოსახლეობაში დანერგონ ნიჰილიზმი , უნდობლობა გააღვივონ ეთნიკურ ან რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტები“-აცხადებს არჩილ თალაკვაძე.