საქართველოს პრეზიდენტი არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ოფიციალური ვიზიტით, პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან ერთად ეწვია. ვიზიტის მიზანი არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან ურთიერთობის გაღრმავებაა.
საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია აბუ დაბის საპრეზიდენტო აეროპორტში გაიმართა.
გიორგი მარგველაშვილს, პირველ ლედისა და საქართველოს დელეგაციას აეროპორტში არაბთა გაერთიანებული საემიროების ტახტის მემკვიდრე შეიხ მოჰამედ ბინ ზაედ ალ ნაჰაიანი დახვდა, რომლის მონაწილეობითაც გაიმართა დახვედრის ოფიციალური ცერემონია.
ცერემონიის ფარგლებში შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. საქართველოს პრეზიდენტმა ტახტის მემკვიდრეს საქართველოს დელეგაცია წარუდგინა.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 10 -11 აპრილს გაიმართება, გიორგი მარგველაშვილი შეხვედრებს გამართავს აბუ დაბიში ტახტის მემკვიდრე შეიხ მოჰამედ ბინ ზაედ ალ ნაჰაიანთან და დუბაიში არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერმინისტრ შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმთან, გვირგვინით შეამკობს ვაჰად ალ კარამას სამხედრო მემორიალს და ემირატების სტრატეგიული კვლვების ცენტრში საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროების პარტნიორობისა და გეოპოლიტიკურ საკითხებზე საჯარო ლექციას წაიკითხავს.