საქარველოს მესამე პრეზიდენტი, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, "ევროპის სახალხო პარტიის" პოლიტიკურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა. ევროპელ დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე წუთში მიმართვას. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი უკვე იმყოფება ევროპარლამენტში და ასამბლეის სხდომას ესწრება.
როგორც პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი აცხადებს, მიხეილ სააკაშვილი ყურადღებას რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე და საქართველოს მომავალზე გაამახვილებს. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ისაუბრებს რეგიონში არსებულ ოლიგარქიულ რეჟიმზე.
„ჩვენი გზავნილები შეეხება იმ გლობალურ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დღეს დგას ევროპა და განსაკუთრებით ჩვენი რეგიონი. იმიტომ რომ ვხედავთ რა ხდება მსოფლიოში, როდესაც ფაქტობრივად მყარდება კონსენსუსი რუსეთთან მიმართებაში შეკავების პოლიტიკის დამყარებაში და ამაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებული იქნას საქართველოს ინტერესები. ვისაუბრებთ ასევე, რა თქმა უნდა, იმ გამოწვევაზე, რომელიც ოლიგარქიული პოლიტიკური რეჟიმების სახით არსებობს რეგიონში, იმიტომ რომ ეს ასევე არის გეოპოლიტიკური გამოწვევა, რომელსაც შესაძლოა ჩიხში შეჰყავდეს დემოკრატიის მომავალი რეგიონში,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.