დაპირისპირება მმართველ გუნდში - ნუკრი ქანთარია საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის მოწვევას ითხოვს.
მმართველი გუნდის დეპუტატი მიიჩნევს, რომ„ქართულმა ოცნებამ“ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და ირაკლი კობახიძის განცხადებებთან დაკავშირებით უნდა იმსჯელოს.
ნუკრი ქანთარია პარლამენტის თავმჯდომარის მოქმედებაში ავტორიტარულ მმართველობის ნიშნებს ხედავს.
„პრემიერ-მინისტრმა საკმაოდ კარგად, აბსოლუტურად ამომწურავად გამოხატა სწორედ პარტიის პოზიცია , როგორც თავმჯდომარემ, როგორც ლიდერმა და როგორც სწორედ უმრავლესობაზე მზრუნველმა ადამიანმა. პარლამენტის თავმჯდომარეს ვფიქრობ, რიტორიკაში ჰქონდა რაღაც ავტორიტარული ნოტები, რაც რა თქმა უნდა ყოვლად მიუღებელია. ეს ჩვენ ნოტებიც და რიტორიკაც და ქმედებაც ჩავაბარეთ 2012 წელს. რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარეს , მისი რიტორიკა ვფიქრობ რომ მიუღებელია და ამიტომ მან თავის თავზე უნდა იმუშაოს,“-განცხადა ნუკრი ქანთარიამ და არ გამორიცხა, რომ შესაძლოა დღის წესრიგში ირაკლი კობახიძის გადადგომის საკითხიც დადგეს.
პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომის ალბათობაზე დღეს უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა ისაუბრა. დავით ჭიჭინაძემ თქვა, რომ ბოლო პერიოდში ირაკლი კობახიძე აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომელიც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის პარტიის თავმჯდომარის პრემიერი კვირიკაშვილის განცხადებებთან.