20 ნოემბერი 2024,   09:18
ვრცლად
სუს-ის ანგარიში დახურულ კარს მიღმა - ოპოზიციის ნაწილმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა

პარლამენტში, სამი კომიტეტის გაერთიანებული სხდომის დახურვა, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე დეპუტატებს ანგარიშს აცნობდა, ოპოზიციის პროტესტის მიზეზი გახდა. 

გრიგოლ ლილუაშვილის მიერ 2017 წლის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, თუმცა მოგვიანებით, კომიტეტის თავმჯდომარეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სხდომა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე დაიხურა.

საპარლამენტო ოპოზიციის წევრები კი აცხადებენ, რომ სხდომა უსაფუძვლოდ დაიხურა.

„თუ საიდუმლო ინფორმაცია იქნება გაჟღერებული ელემენტარულად თავმჯდომარეს მაინც უნდა მოეხსენებოდეს, არც ერთ ადამიანს მათ შორის დეპუტატი იყოს თუ ვინმე მაღალი თანამდებობის პირი არ აქვს დაშვება, თან განახლებულ საიდუმლოებაზე, არ აქვს უფლება ან წაიკითხოს ან მოისმინოს საიდუმლო ინფორმაცია, თუკი იქ მიმდინარეობს რაიმე საიდუმლოზე საუბარი არის პირდაპირი კანონის დარღვევა.

უბრალოდ, შეეშინდათ რომ ხალხმა გაიგოს იმ დისკუსიაზე, რაც შეიძლება გამართულიყო, იმასთან დაკავშირებით რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ემსახურება არა სახელმწიფოს არამედ ინსტრუქციებს იღებს არაფორმალური კერძო პირისაგან“- განაცხადა ბარამიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი დეპუტატის, რომან გოცირიძის თქმით, მათ აინტერესებთ როდის გამოვლინდება ის პოლიტიკური პარტიები და მედიასაშუალებები, რომლებზეც საუბრობს სუს-ი, რომ ფინანსდება რუსეთისაგან და ეწევა საქართველოსთვის დამაზიანებელ საქმიანობას.

საპარლამენტო უმცირესობის წევრები იმ კითხვებზე საუბრობენ, რომლის დასმაც ვახტანგ გომელაურის მოადგილის გრიგოლ ლილუაშვილისთვის შეძლეს.

ირმა ნადირაშვილის თმით, ის დაინტერესდა ადასტურებს თუ არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ინფორმაციას, რომ პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი, სოსო ოხანაშვილი სანკტ-პეტერბურგში ერთ-ერთი მაღალჩინოსნის დაცვას უზრუნველყოფს.

ნადირაშვილის თქმით, პასუხს , რომელიც ლილუაშვილმა ამ კითხვას გასცა ის ვერ გაასაჯაროებს, რადგან სხდომის დახურვის შემდეგ უკვე საიდუმლოს წარმოადგენს.

რუსეთის მიერ დაფინანსებული პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დასახელებას ითხოვს „ევროპული საქართველო“.

სერგი კაპანაძის თქმით, მნიშვნელოვანია დასახელდეს ის ჯგუფები, რომლებსაც რუსეთი აფინანსებს.

სუსი წერს, რომ მეზობელი ქვეყნებიდან ფინანსდება პოლიტიკური პარტიები, მედიასაშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ფონდები , როდესაც კითხვას ვუსვამთ, მათ შორის დახურულ ფორმატში, რომ ერთი მაგალითი მაინც დაასახელონ არის სიჩუმე.

ეს არის მნიშვნელოვანი თემა, რომელზეც უნდა არსებობდეს სერიოზული საზოგადოებრივი ზედამხედველობა. ერთი რომ პოლიტიკური პარტიის დაფინანსება უცხოეთიდან არის კანონდარღვევა და მეორე, არის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი პოლიტიკური ცხოვრებისთვის“-აცხადებს სერგი კაპანაძე.

ამ დროისთვის სხდომა უკვე დასრულებულია. ანგარიშის განხილვა პარლამენტში გაფართოებულ ფორმატში ისევ მოხდება, თუმცა თარიღი მას შემდეგ ჩაინიშნება, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის კონსულტაციები გაიმართება. როგორც ცნობილია გაფართოებულ ფორმატში ანგარიშის განხილვას სუს-ის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური დაესწრება.

დღის ამბები