„რეზოლუციის მიღება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება და მას, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერ,“ - ეს განცხადება, ევროპარლამენტის დეპუტატმა ანა გომესმა ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ გააკეთა.
ევროპარლამენტი, 2008 წლის ომის 10 წლისთავისთვის რეზოლუციის მომზადებას და მის კენჭისყრაზე მიღებას აპირებს. ქართველი დეპუტატების სურვილია, რომ რეზოლუციის ტექსტში დაფიქსირებული იყოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, რასაც ევროდეპუტატების ნაწილი მხარს უჭერს.
„რეზოლუციის მიღება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება და მას, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერ. მაისის დასაწყისში ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დელეგაცია ჩამოვა საქართველოში და ისინი ადგილზე მოამზადებენ საფუძველს რეზოლუციისთვის. მისასალმებელია, რომ საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა, ჰქონდეს ქვეყანას კონკრეტული ბერკეტი იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც პირდაპირ მონაწილეობდნენ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაში. ამ ხალხს აღარ ექნება დაუსჯელობის განცდა. მათ ეცოდინებათ, რომ სანქციები დაუწესდებათ და რომ საერთაშორისო მასშტაბით გაიცემა მათი დაკავების ორდერი. ეს კარგი იქნება საქართველოსთვის და იმ ქვეყნებისთვისაც, ვისაც სურს დაუსჯელობას ბოლო მოეღოს,“ - განაცხადა ანა გომესმა.
ევროპარლამენტის დეპუტატმა ტუნე კელამმა აღნიშნა, რომ 2008 წელს, რუსეთის შეჭრა საქართველოში ევროპამ სერიოზულად არ აღიქვა და ამაზე სუსტი რეაქცია ჰქონდა.
"ევროპარლამენტში დისკუსიაც ახალ რეზოლუციაზე ბევრად უფრო მკაფიო და კონკრეტული იქნება. იმ ადამიანებს, რომლებიც მოქალაქეებს იტაცებენ, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. თქვენ ვერ მიიყვანთ მათ სასამართლოში, მაგრამ უნდა დაუწესდეთ შეზღუდვები, შეიყვანოთ შავ სიაში. რუსეთის ყველა სახელმწიფო მოხელემ უნდა იცოდეს, თუ დაუშვებს საქართველოს მოქალაქის გატაცებას ან მკვლელობას, ამას შედეგიც ექნება,“ - განაცხადა ტუნე კელამმა.
ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ რეალურად არსებობს იმის შანსები, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში სანქციები გაიწეროს.
„არსებობს რეალური პერსპექტივა იმის, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩადებული იყოს სანქციები, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მოწონება და ის ადამიანები, ვინც ჩადის ქართველების მკვლელობას და წამებას, ის დამნაშავეები, ვისაც ბრალი მიუძღვის არჩილ ტატუნაშვილის და გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში, იქნან დასჯილი, მოყვნენ საერთაშორისო სანქციების ქვეშ,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.