საპარლამენტო უმრავლესობაში არსებულ დაპირისპირებას, რომელზეც დეპუტატები უკვე ღიად ალაპარაკდნენ იუსტიციის მინისტრი გამოეხმაურა. თეა წულუკიანი თანაგუნდელებს ერთიანობის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.
„ყველამ უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი იმისთვის, რომ ერთმანეთი შევინარჩუნოთ, რადგან ჩვენ სწორედ ერთად ყოფნით ვართ ძლიერები.აქედან გამომდინარე კარგი იქნება თუ ამ ერთიანობის სულისკვეთებას ყველა ხელს შევუწყობთ და არ გვეყოლებიან ადამიანები, რომლებთან ერთადაც ძალიან დიდი ხანია ვიბრძვით და ერთ დღეს გადაწყვეტენ, რომ აღარ იყოს ჩვენთან ერთად,“-განაცხადა თეა წულუკიანმა.
მას შემდეგ რაც გედევან ფოფხაძემ საპარლამენტო უმრავლესობიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა, „ქართული ოცნების“ წევრების ერთმა ნაწილმა ის მწვავედ გააკრიტიკა. მათ შორის იყო პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც, რომელმაც ფოფხაძე რელიგიური თემებით მანიპულაციაში დაადანაშაულა.
მისი პოზიცია გაიზიარა საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე ლიდერმაც.
„ქართული ოცნების“ მეორე ნაწილმა კი ღიად განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ავტორიტარული ტონით ესაუბრება თანაგუნდელებს. დეპუტატებმა არც ის გამორიცხეს, რომ ირაკლი კობახიძის გადადგომა მოითხოვონ.