მმართველი პარტიის შესაძლო გაყოფას დეპუტატების ნაწილი უარყოფს. ქართულ ოცნებაში ადასტურებენ, რომ კრიზისი არსებობს, თუმცა, ამბობენ, რომ ეს არ ნიშნავს უმრავლესობის დაშლას.
დეპუტატების ნაწილი ასევე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომელიც დავით ჭიჭინაძემ გააჟღერა და რომელიც პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის გუნდებს შეეხებოდა.
ფრაქცია ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის თავმჯდომარე, ბიძინა გეგიძე, ამბობს, რომ ასეთი დაჯგუფებების შესახებ კოლეგის განცხადება არ მოუსმენია და შესაბამისად ვერ შეაფასებს.
„პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ აზრთა სხვადასხვაობა არის დემოკრატიის გამოკვეთილი ნიშანი, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს ჯანსაღი პროცესების საწინააღმდეგო რაღაც სხვა პროცესი,“ - განაცხადა ბიძინა გეგიძემ.
მმართველ გუნდში შექმნილ კრიზისში საფრთხეს ვერ ხედავს რომან კაკულია.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ის გუნდის დაშლას არ ელოდება.
„ზოგადად თუ გახსოვთ თქვენ და ისტორიაში თუ იხედებით, კრიზისის გარეშე განვითარება არ არის. ასე უნდა შევხედოთ ამას. ასე ხედავენ, მე მგონი, პარლამენტის თავმჯდომარეც და პრემიერ-მინისტრიც. როდესაც რაღაც კრიზისი ხდება, იქიდან იწყება შემდეგ განვითარება. ოღონდ, თუ ყველანი სწორად მივუდგებით ამ პროცესს და მე ვფიქრობ, რომ მზაობა და მოძრაობა არის ამ მიმართულებით და არა საპირისპიროდ და ამიტომ რაღაც კატასტროფულ სცენარებს მე ამ მხრივ ვერ ვხედავ. არ ვიცი მე, ვინ არის ეს გუნდი. მე ვარ ქართული ოცნების წევრი და ასე ვიცი, რომ ასე არის უმრავლესობა. მე მოვიაზრებ ჩემს თავს ქართული ოცნების გუნდში და დავრჩები ბოლომდე,“ - განაცხადა რომან კაკულიამ.