„ჩვენ სიზმრებით და ზღაპრებით არ ვიკვებებით, ჩვენ ვიკვებებით კონკრეტული ინფორმაციებით, რომელსაც გვაწვდიან ჩვენი პარტნიორი ქვეყნები,“ - ეს განცხადება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, გრიგოლ ლილუაშვილმა, პარლამენტში შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
გრიგოლ ლილუაშვილმა კანონმდებლებს 2017 წლის ანგარიში წარუდგინა.
სუს-ის უფროსის მოადგილემ კოლეგებს დახურულ რეჟიმში, ჟურნალისტების შეკითხვებს კი შეხვედრის დასრულების შემდეგ უპასუხა. მათ შორის, ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარ შენიშვნას, რატომ არ მოხვდა აფგან მუხთარლის საქმე სუს-ის დოკუმენტში და 2017 წლის მთავარი საფრთხეების ჩამონათვალში.
„ჩვენ სიზმრებით და ზღაპრებით არ ვიკვებებით, ჩვენ ვიკვებებით კონკრეტული ინფორმაციებით, რომელსაც გვაწვდის ჩვენი პარტნიორი ქვეყნები, მათი სპეცსამსახურები, რომელთა დასახელებას, რა თქმა უნდა, ვერ შევძლებთ და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციაც არის სრულიად საიდუმლო.
"ჰიბრიდული ომის პრინციპი არის ყველა მხრიდან, ასე ვთქვათ, რბილი ძალის მეშვეობით და სხვა ძალებით, მათ შორის კიბერმიმართულებით; პარტიების, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით შემოტანილი ნებისმიერი ზეგავლენა საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებზე. რა თქმა უნდა, ეს არის მსოფლიოს ნომერ პირველი გამოწვევა, მათ შორის, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდანაც სერიოზული ნაბიჯები იდგმება, თუმცა, მე ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ ამაში ჩამოვრჩებით. სამომავლო გეგმებს, რა თქმა უნდა, არ განსაზღვრავს მარტო ქვეყნის სპეცსამსახური, ეს არის კომპლექსური თემა, რომელშიც ჩაბმული უნდა იყოს, როგორც საქართველოს მთავრობა, ასევე საქართველოს პარლამენტი,“ - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.