პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს შესახებ 100 - ზე მეტი კულტურული ღონისძიება გაიმართება. ამის შესახებ განცხადება, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.
მიხეილ ჯანელიძემ დაგეგმილი ღონისძიებები წარადგინა.
მისი თქმით, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობების მიერ მთელი წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოეწყობა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკასთან დაკავშირებული ისტორიული ფოტო გამოფენები, საქართველოს კულტურის, ტრადიციებისა და დემოკრატიული განვითარების ამსახველი ღონისძიებები.
გაიმართება საქართველოს შესახებ მასშტაბური კონფერენციები ვაშინგტონში, ბრიუსელში, პარიზსა და ევროპის სხვა დედაქალაქებში;
ჯანელიძის განმარტებით, საიუბილეო თარიღის აღსანიშნავი ღონისძიებების ნუსხაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ლევილის ქართულ მამულს, სადაც ივნისში, გაიმართება დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება და სიმბოლურად ჩაეყრება საფუძველი სამეცნიერო კულტურულ ცენტრის საძირკველს. ლევილის მამულის ბაზაზე მოეწყობა პირველი რესპუბლიკის ისტორიული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრი, ლევილის ქართული აკადემია.
100 წელი უსრულდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც. სწორედ ამიტომ შეიქმნება დიპლომატიური მუზეუმი.