20 ნოემბერი 2024,   09:16
ვრცლად
დაპირისპირება "ქართულ ოცნებაში" - ქანთარია საპარლამენტო უმრავლესობიდან "გასარიცხ დეპუტატთა" სიას ასახელებს

პარლამენტის თავმჯდომარის მიერ 9 აპრილის მემორიალთან ავტორიტარული ტონით გაკეთებული განცხადებები არასწორია, - ეს განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ გააკეთა. 

ქანთარიამ მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. ქანთარია გუნდში არსებულ პრობლემებს ადასტურებს და ამბობს, რომ "საპარლამენტო უმრავლესობას გამოფხიზლება სჭირდება", რის გამოც დეპუტატის შეფასებით, მას და უმრავლესობის გარკვეულ ნაწილს „მაღვიძარას როლი“ დაეკისრა.

მისივე თქმით, აუცილებელია პარტიული დისციპლინა, თუმცა სანქციებზე არ არის საუბარი, საქმე ეხება შიდა წესდებას და ურთიერთობების დალაგებას. 

დეპუტატი ამბობს, რომ გედევან ფოფხაძის ნაჩქარევმა გადაწყვეტილებამ "ქართულ ოცნებაში" არსებული პრობლემები გააშიშვლა.

"ჩვენ ერთგვარად მაღვიძარას როლიც კი შეიძლება დავიკისროთ და მგონია, რომ ყველა ასეთი საქმის სასიკეთოდ შემობრუნება შეიძლება. გედი ფოფხაძის ერთგვარმა ემოციურმა გადაწყვეტილებამ გარკვეულად გამოაშიშვლა პრობლემები,"-აცხადებს ქანთარია. 

ქანთარია მმართველი გუნდიდან იმ დეპუტატების გარიცხვას არ გამორიცხავს, რომლებმაც ბოლო დღეების განმავლობაში პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის სხვა ლიდერები გააკრიტიკეს. 

ნუკრი ქანთარიამ ე.წ. „გასარიცხი დეპუტატების“ გვარებიც ჩამოთვალა. მისი თქმით, უმრავლესობიდან გასარიცხთა რიგებში არიან თვითონ, ზაზა პაპუაშვილი, გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია, დავით ჭიჭინაძე და ბექა ნაცვლიშვილი. 

დღის ამბები