“Freedom House”-ის ანგარიშში საქართველოში დემოკრატიის ინდექსის გაუარესებაზეა საუბარი. კვლევის მიხედვით, დემოკრატიის განვითარების შეფერხება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. მთავარ პრობლემებად არაფორმალური მმართველობა, პოლიტიკური ოპონენტების დევნა, მედიისა და სასამართლოს დამოუკიდებლობა სახელდება.
რაც შეეხება ივანიშვილის გავლენებს საქართველოს ხელისუფლებაზე - “Freedom House” ამის ერთ-ერთ მაგალითად, პუშკინის სკვერისა და თაბორის მთის მიმდებარედ, 1900 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის, ივანიშვილის სახელთან დაკავშირებული კომპანიისთვის 1 ლარად გადაცემას ასახელებს.
"2017 წელს, სახელმწიფო ხელისუფლებაზე ივანიშვილის გავლენების შესახებ ეჭვებს კიდევ რამდენიმე სადაო საქმე დაემატა. ოქტომბერში, თბილისის საკრებულომ სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცა 1900 კვადრატული მეტრის მიწის ფართობი ივანიშვილთან აფილირებულ კომპანიას.
ეს გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკეს ადგილობრივმა ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა ოპოზიციამ. საქართველოს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" მიწის სიმბოლურ ფასს უგუნური უწოდა და განაცხადა, რომ ეს მუნიციპალიტეტის კუთვნილი საკუთრების რაციონალურ მართვას ეწინააღმდეგება“-ნათქვამია “Freedom House"-ის ანგარიშში.