ფრიდომ ჰაუსის ანგარიშს, სადაც საქართველოში დემოკრატიის ხარისხის გაუარესებაზეა საუბარი, საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები ეხმაურებიან.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ანგარიშში ზუსტად არის ასახული ის პრობლემები რომელიც საქართველოს აქვს, მათ შორის ეს არის არაფორმალური მმართველობა.
„ქვეყანაში, რომ დემოკრატიის ხარისხი ძალიან შემცირდა ამაზე მეტყველებს ბევრი რამ. პირველი ის, რომ მედიის თავისუფლების კუთხით ქვეყანაში არის მრავალი პრობლემა. სასამართლო სისტემა ქვეყანაში არის ფაქტობრივად ჩამოშლილი და იმართება არაფორმალურად. ისევე როგორც ეკონომიკური კუთხით ტენდერებისა თუ სხვა სახის კონკურსში იმარჯვებს ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები. პარლამენტი კი არ განსაზღვრავს ქვეყნის კანონებს და ბედს, არამედ განსაზღვრავს არაფორმალური მმართველი,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.
ანგარიშს ეხმაურება "ევროპული საქართველოც“. ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, საქართველოს ნამდვილად მიდის უკან დემოკრატიის თვალსაზრისით და ეს მოცემულია გავლენიანი ორგანიზაციის მიერ მომზადებულ დოკუმენტშიც.
„საქართველო უკან უკან მიდის დემოკრატიის თვალსაზრისით. რაც ყველაზე მეტად გამოიხატა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობაში ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან და სასამართლოს კიდევ უფრო დეგრადაციაში, რომელიც იყო ისედაც პრობლემა. მაგრამ პრობლემა უფრო მწვავედ არის. საზოგადოებას კარგად უნდა ესმოდეს რომ თუ ქვეყანაში არ არის დამოუკიდებელი სასამართლო, თუ არ არის სიტყვის თავისუფლება , თუ არ არის დემოკრატიული ღირებულებები დაცული ისე აქ არც ეკონომიკური კეთილდღეობა არ მოვა,“-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
საერთაშორისო გავლენიანმა ორგანიზაციამ კვლევის შედეგები დღეს გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში დემოკრატიის ინდექსის გაუარესება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა- მთავარ პრობლემებად არაფორმალური მმართველობა, პოლიტიკური ოპონენტების დევნა მედიისა და სასამართლოს დამოუკიდებლობა სახელდება. დემოკრატიული პროგრესის შეფერხების მაგალითად დოკუმენტში მოყვანილია "რუსთავი2"-ის საქმე.