ფრიდომ ჰაუსის დასკვნას საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა ეხმაურება. მმართველ გუნდში ამბობენ რომ ორგანიზაციის შეფასება, რომ ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, აღნიშნული ორგანიზაციის მუშაობის სპეციფიკიდან არის განპირობებული.
„Freedom House არის ადამიანების უფლებების დაცვის ორგანიზაცია, შესაბამისად ყველა ქვეყანასთან უფრო მეტად მომთხოვნი არის. ის იმ ქვეყნებსაც აკრიტიკებს ხშირად ზუსტად ამ კომპონენტში, სადაც თავისი ოფისებია განლაგებული. საქართველოში „ქართული ოცნების" მოსვლის დღიდან ადამიანის უფლებების დაცვა არის პრიორიტეტი და გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში არის უზრუნველყოფილი. მედია პლურალიზმი არის გარანტირებული. შესაბამისად ყველაზე კარგი შემფასებელი ამ შემთხვევაში არის ხოლმე ამომრჩეველი და ის თავის გადაწყვეტილებას იღებს არჩევნების დროს,“-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
უმრავლესობაში მზად არიან ანგარიშს დეტალურად გაეცნონ, თუმცა ლევან კობერიძე დარწმუნებულია, რომ ქვეყანას დემოკრატიის თვალსაზრისით პრობლემები არ აქვს.
„დემოკრატიის ხარისხთან მიმართებაში მე მგონი პრობლემები არ გვაქვს და ახლა 0.07 პროცენტს და 0.025 პროცენტს წავიკითხავთ დეტალურად, გავერკვევით რასთან არის ეს დაკავშირებული. თუ კი რაიმე ჩვენი წილი პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს 0.07 პროცენტში და 0.025 პროცენტში რა თქმა უნდა ჩვენ ამას ძალიან ყურადღებით ვუყურებთ ხოლმე მსგავსი ტიპის დასკვნებს და ახლაც გავითვალისწინებთ,“-განაცხადა ლევან კობერიძემ.
საერთაშორისო გავლენიანმა ორგანიზაციამ კვლევის შედეგები დღეს გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში დემოკრატიის ინდექსის გაუარესება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა - მთავარ პრობლემებად არაფორმალური მმართველობა, პოლიტიკური ოპონენტების დევნა მედიისა და სასამართლოს დამოუკიდებლობა სახელდება. დემოკრატიული პროგრესის შეფერხების მაგალითად დოკუმენტში მოყვანილია "რუსთავი2"-ის საქმე.