ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე თანაგუნდელების ნაწილს პასუხობს. მამუკა მდინარაძის თქმით, უახლოეს დღეებში ყველაფერი გაირკვევა და დალაგდება.
მდინარაძე არ აკონკრეტებს, როგორ შეიძლება „დალაგდეს“ ის დაპირისპირება, რომელზეც საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი უკვე ღიად საუბრობს.
ფრაქციის თავმჯდომარე უარყოფს ე.წ. გასარიცხ დეპუტატთა სიის არსებობას, რომელზეც მდინარაძე-კობახიძესთან დაპირისპირებული დეპუტატები საუბრობენ.
მდინარაძის თქმით, პარტიული დისციპლინის დარღვევა გრძელდება, თუმცა მათ ინტერესებში არც ვინმეს გარიცხვა შედის და არც ვინმეს შენარჩუნება.
„შეფასებას, რომ რამდენიმე დეპუტატის მხრიდან უხეშად იქნა დარღვეული პარტიული დისციპლინა და გაკეთდა არაკორექტული განცხადებები პარტიის პოლიტიკური ხელმძღვანელობა დაეთანხმა მათ შორის პრემიერ მინისტრი მიუხედავად ამისა და ძალიან სამწუხაროდ ასეთი განცხადებების კეთება და ამით პარტიული დისციპლინის დარღვევა კვლავ გრძელდება. თუმცა ყველას ვთხოვ, ნუ აჰყვებიან ამ ცალკეულ განცხადებებს, შევინარჩუნოთ სიმშვიდე. უახლოეს დღეებში ყველაფერი დალაგდება...
„არანაირი გაწერილი სიები არ არსებობს, არანაირი თვითმიზანი ვინმეს გარიცხვა, ან ვინმეს შენარჩუნება ეს საკითხები არ არის. ყველა გადაწყვეტილება იქნება გამომდინარე იქიდან რა საუბარი შედგება პარტიის შიგნით უმრავლესობაში და რეაგირებას უმრავლესობის გუნდს ექნება ადეკვატური“-ამბობს მდინარაძე.