20 ნოემბერი 2024,   09:34
ვრცლად
"ყალიბდება ავტორიტარული სახელმწიფო"- არასაპარლამენტო ოპოზიცია Freedom House-ის დასკვნას იზიარებს

არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები Freedom House-ის დასკვნას იზიარებენ. საქართველოს "რესპუბლიკური" პარტიის პოლიტიკური მდივანი ამბობს, რომ ქვეყანაში გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ ერთი პირი. არსებული მმართველი გუნდი კი ტკბება ხელისუფლებით.

„მმართველი პოლიტიკური გუნდი ტკბება საკუთარი უმრავლესობით. ანუ ხელისუფლებით ტკბება მაგრამ ცახცახებს, როდესაც მისი დამფინანსებელი ერთი ადამიანი გამოხატავს უკმაყოფილებას და ეს არის ვერტიკალში აწყობილი სისტემა სადაც არავინ არ აინტერესებთ, ყველა მიუღებელია. მთავარია მათი პოზიციები და მათი ერთადერთი ლიდერის, ჩრდილში მყოფი ლიდერის პოზიციები დაემთხვეს ერთმანეთს. ბუნებრივია, როდესაც არავის არც ერთ პოლიტიკურ საკითხზე ანგარიშს არ უწევ ასეთი შეფასება იქნება,“- განაცხადა თამარ კორძაიამ.

ანგარიშს იზიარებს ”თავისუფალი დემოკრატების” პოლიტიკური მდივანიც. ნინო გოგუაძის განცხადებით, პრობლემები, რომელიც დემოკრატიის თვალსაზრისით საქართველოშია კარგად ჩანს თუნდაც იმ სახელისუფლებო შეტევისგან, რაც "რუსთავი2"-ის მიმართ ხორციელდება.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის როგორ არის აღწერილი თუ რა სიტუაციაა მედიაში. კერძოდ, რუსთავი 2 ის წინააღმდეგ მიმართული სახელისუფლებო შეტევა და ასევე საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე  პროცესები, რომლის შედეგადაც საზოგადოებრივ მაუწყებელს აბსოლუტურად დაექვემდებარა საკონსტიტუციო  უმრავლესობის მქონე  სახელისუფლებო ძალას. და ყველა ეს ასპექტი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში სამწუხაროდ დემოკრატიული  სახელმწიფოს განვითარება კი არ ხდება, არამედ ყალიბდება ავტორიტარული სახელმწიფო,“-განაცხადა ნინო გოგუაძემ

საერთაშორისო გავლენიანმა  ორგანიზაციამ კვლევის შედეგები დღეს გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში დემოკრატიის ინდექსის გაუარესება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა- მთავარ პრობლემებად არაფორმალური მმართველობა, პოლიტიკური ოპონენტების დევნა მედიისა და სასამართლოს დამოუკიდებლობა სახელდება. დემოკრატიული პროგრესის შეფერხების მაგალითად დოკუმენტში მოყვანილია რუსთავი2-ის საქმე.

ამავე თემაზე
დღის ამბები