„ახლები და ძველები, მე ვიცი, ილია ჭავჭავაძის ბანაკი და გრიგოლ ორბელიანის ძველები და ახლები, თერგდალეულები და თერგდაულეველები და სხვა ახალი და ძველები მე არ ვიცი,“ - ეს განცხადება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა მმართველ გუნდში არსებული დაპირისპირების შეფასებისას გააკეთა.
მინისტრმა მმართველი გუნდის წევრი, გედევან ფოფხაძე და კიდევ რამდენიმე დეპუტატი ღია განცხადებების გაკეთების გამო გააკრიტიკა.
მინისტრის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობიდან გასარიცხ ადამიანთა სია არ დგება და ასევე, აღნიშნა, რომ მოხარულები იქნებიან, თუ გედევან ფოფხაძე გუნდში დარჩება.
„არავითარი გასარიცხთა სია არ არსებობს. ის, რაც მოხდა, მგონია, რომ რაღაც ტიპის განცხადებები იყო ზედმეტად ემოციური და გარკვეულ საზღვარს გადაცდენილი, როდესაც ლაპარაკი იყო იმპიჩმენტზე და ა.შ. იგივე გედი ფოფხაძესთან დაკავშირებით. ასეთი ნაჩქარევი გადაწყვეტილება უმრავლესობის დატოვებაზე, ჩემი აზრით, არ უნდა მიეღო და დღესაც მოხარული ვიქნები, თუ ის ამას გადაიფიქრებს, ყოველ შემთხვევაში, ამის სურვილი არის ძალიან დიდ გუნდში,“ - განაცხადა მინისტრმა.