სამგორის რაიონის უკვე ყოფილი გამგებელი დავით კერესელიძე თანამდებობიდან წასვლის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ასახელებს. კერესელიძე აცხადებს, რომ დედაქალაქის მთავრობაში დაპირისპირება არ არის და მან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღო.
მერიაში კი კერესელიძის საქმიანობას უარყოფითად აფასებენ და აცხადებენ, რომ სამგორის გამგეობას კვარტალურ ანგარიშში მნიშვნელოვანი ჩამორჩენა ჰქონდა.
„იანვარ-თებერვალში ყველგან ასე ხდება ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულება ჭირს ისეთი ამინდებია ამის გამო. შეიძლება რაღაც ჩამორჩენა გვქონდა, მაგრამ მეორე კვარტალში შედეგი დაიდო.
არანაირი დაპირისპირება ეს ერთი მთლიანი გუნდია. ახალგაზრდა გუნდია, 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ.
ფორმა 100-ს ტყუილად ხომ არ დავდებდი მერიაში? ფორმა ასია ყველაფერი, რაც მე მივიტანე მერიაში. ჯანმრთელობა გამიუარესდა 4 შუნტი მაქვს გულზე გაკეთებული. საკმაოდ რთული ოპერაცია მაქვს გულზე გადატანილი.
იმ რთულ რეჟიმს, რომელზეც ბატონი კახია, მართლა 24 საათიან რეჟიმზე მე გამიჭირდა“-აცხადებს კერესელიძე.
კერესელიძის თანამდებობიდან გადაყენებას „ნაციონალური მოძრაობა“ ორი თვის წინაც ითხოვდა. მიზეზად კერესელიძის წინააღმდეგ ძალადობის მუხლით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს ასახელებდნენ.
დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ დავით კერესელიძის თანამდებობიდან წასვლა სამართლებრივ დავასთან კავშირში არ არის.
„რამდენიმე დღეა მერიაში განიხილება გამგეობების მუშაობის კვარტალური შედეგები. გამოიკვეთა სამგორის გამგეობაში მნიშვნელოვანი ჩამორჩენა, სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ ერთობლივად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ბატონ დავითს პატივს ვცემთ, მას ჯანმრთელობის მდგომარეობამ არ შეუწყო ხელი,“ - ამბობს ხმალაძე.
კერესელიძე გამგებლის თანამდებობას 5 თვის მანძილზე იკავებდა. მისი შემცვლელი ჯერ დასახელებული არ არის.