საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უარყოფს, რომ სამგორის რაიონის გამგებელი მის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის გამო გაათავისუფლეს.
გიორგი ტყემალაძის თქმით, კერესელიძის დანიშვნა, იმის მიუხედავად, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული, კანონის ნორმების სრული დაცვით მოხდა. ხოლო რაც შეეხება თანამდებობიდან მის გადადგომას, ტყემალაძე ამბობს, რომ არც ეს გადაწყვეტილება უკავშირდება კერესელიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის არსებობას.
„სამგორის რაიონს ჰქონდა ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ზოგადად ხარჯების ათვისების მიმართულებით გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული სწორედ აქედან გამომდინარე.
უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე სანამ გადაწყვეტილება არ არის მიღებული ყველა ადამიანს აქვს უფლება იმუშაოს ამა თუ იმ თანამდებობაზეც, შესაბამისად დანიშვნაც მოხდა კანონმდებლობის დაცვის შესაბამისად. არანაირად არ უკავშირდება დღეს მიღებული გადაწყვეტილება ამ გარემოებას,“- აცხადებს გიორგი ტყემალაძე.
საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბექა დავითულიანი კი ამბობს, რომ საკრებულოს უმრავლესობას ჰქონდა ინფორმაცია კერესელიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოების შესახებ. მისი თქმით, ეს იყო საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოებული საქმე და სასამართლო დავა არ უკავშირდებოდა კერესელიძის საქმიანობას.