პარლამენტის თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ რიგებში დისციპლინის გამკაცრებას გეგმავს. ირაკლი კობახიძის თქმით, იმ დეპუტატებს, რომლებიც გუნდის ლიდერებს დაუპირისპირდნენ, გარკვეული წინაპირობების დაკმაყოფილება მოუწევთ. მმისი განცხადებით, უმრავლესობის სხდომაზე მმართველი გუნდის დეპუტატები შეიკრიბებიან და სანქციებზე იმსჯელებენ.
პარლამენტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოში მისი დასაყრდენი ჯგუფიც დაასახელა.
„პირობები გვექნება, როდესაც ჩვენ განვაახლებთ მსჯელობას ამ ადამიანებთან, ასეთი პირობების საფუძველზე, ჩვენ მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ თანამშრომლობა. თუ დეპუტატი პირობებზე არ მოდის, მაშინ შესაბამისი პროცესები გაგრძელდება. იმისთვის, რომ დისციპლინა იყოს დაცული, საჭიროა დაუწერელი და დაწერილი წესების არსებობა. ნამდვილად არსებობს კონკრეტული ჯგუფი, რომელიც არის ჩემი უშუალო საყრდენი, ეს არის პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მოადგილეები, უმრავლესობის ლიდერი, ფრაქციის თავმჯდომარე. ჩვენ არ გვჭირდება გავლენები არაფრისთვის, სუბიექტური ინტერესებისთვის. მადლობა ღმერთს, ეს დრო წარსულს ჩაბარდა,“- აღნიშნა კობახიძემ.
მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას ფორმალურად 50 დეპუტატის ინიციატივა სჭირდება, თუმცა კობახიძის შეფასებით, საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის ხუთი წევრიც კი არ მოიძებნება, რომელიც ამ ინიციატივას დააყენებს.