ნებართვის გარეშე თბილისში დაწყებული მშენებლობები - სამშენებლო კომპანია "არქის" საკითხს ოპოზიცია დღეს საკრებულოს სხდომაზე დააყენებს.
„ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის მერისა და კომპანიის დამფუძნებლების, ძმებ წულაიების საერთო ბიზნეს ინტერესებზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ მსგავსი ტიპის უკანონობა ქალაქში გენერალური გეგმის დამტკიცებამდე გაგრძელდება.
„ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს პასუხებს თუ რატომ აფარებენ ხელს ისინი კახი კალაძის მაფიოზურ სქემას, რომლის მიხედვითაც პარლამენტარ წულაიებთან ერთად ისინი უკანონოდ, მშენებლობის ნებართვის გარეშე აშენებენ მრავალსართულიან კორპუსებს და ჰაერს ყიდიან თბილისელებზე,“-აცხადებს ირაკლი ნადირაძე.
რაც შეეხება თბილისის საკრებულოს უმრავლესობის პოზიციას - „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ კანონდარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ზომები მიღებული იქნება და კომპანია დაჯარიმდება.
მერიის ინფორმაციით, ზედამხედველობის სამსახურის დასკვნის მიხედვით, ’’არქი დიღომთან“ დაკავშირებით სამუშაოები შესაბამისი ნებართვის გარეშე მიმდინარეობდა, რის გამოც პროცესი დროებით შეჩერებულია.