ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქართველოსთვის 45 მილიონი ევრო გამოეყოფა საქართველოს პრემიერი ეხმაურება.
საქართველოს ეკონომიკური სტაბილურობისა და სტრუქტურული რეფორმების განხორციელებისთვის თანხის გამოყოფის გამო გიორგი კვირიკაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს მადლობას უხდის.
ევროსაბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დახმარების გაცემის ერთ-ერთი პირობა, საქართველოს მიერ დემოკრატიული მექანიზმებისა და კანონის უზენაესობას პატივისცემა, ასევე ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიების არსებობაა.
პირობები ასევე მოიცავს სტრუქტურულ რეფორმებს, რომელთა შესრულების ვადები საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის მემორანდუმში იქნება გაწერილი.
„მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტუსკს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საქართველოს განვითარების, ქვეყნის მიერ აღებული კურსისა და დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერისთვის, რისი ნათელი გამოხატულებაც არის 45 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფა.
საქართველო შეუქცევადად განაგრძობს რეფორმებს ევროპული ინტეგრაციის გზაზე და ამ პროცესში ნამდვილად შეუფასებელია ჩვენი დასავლელი პარტნიორების ასეთი მკაფიო მხარდაჭერა“-ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.