საპარლამენტო უმრავლესობაში ე.წ. ურჩი დეპუტატების დასჯის მექანიზმებზე ამ დრომდე მსჯელობენ. პარტიული დისციპლინის დამყარების ახალი წესები, ირაკლი კობახიძემ გუშინ დააანონსა, თუმცა რას გულისხმობს სანქციები, მმართველი გუნდის ლიდერები არ აკონკრეტებენ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები თავს იკავებენ ზოგადად სანქციებზე საუბრისგან, თუმცა, მიუთითებენ, რომ ამ დოკუმენტში მთავარი იქნება გუნდურობა. მათი თქმით, დოკუმენტს კონკრეტულად ირაკლი კობახიძე შეიმუშავებს და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები განიხილავენ.
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, ანრი ოხანაშვილი სანქციებზე კონკრეტული კომენტარის გაკეთებისგან თავის შეკავების მიზეზებს განმარტავს და მას პოლიტიკური თამაშის წესს უწოდებს.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილის თქმით, განსხვავებულ აზრს გუნდში ყოველთვის მიესალმებიან და ის დეპუტატების მხრიდან ღიად დაფიქსირებულ მწვავე განცხადებებს ემოციურ ფონს მიაწერს.
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ წევრი, კობა ნარჩემაშვილი კი პოლიტიკური დისციპლინის მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ აღნიშნულ სანქციებზე გუნდში პოლემიკა აუცილებლად შედგება.
„როდესაც შენ წყვეტ, რომ იყო რაიმე პოლიტიკური ორგანიზაციის წევრი ან რომელიმე პოლიტიკურ გაერთიანებაში იყო, მათ შორის უმრავლესობაში, ეს გავალდებულებს გარკვეული დისციპლინის ქონას,“-აცხადებს ნარჩემაშვილი.