„თუ ჩვენი ქცევა ეწინააღმდეგება ჩვენი ამომრჩევლის ინტერესებს, ვერანაირი საბუთი ვერ დამავალდებულებს მე, რომ ამ წესებს დავემორჩილო,“ - ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა დავით ჭიჭინაძემ, პარლამენტის თავმჯდომარის საპასუხოდ გააკეთა.
ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ რიგებში დისციპლინის გამკაცრებას გეგმავს, რასაც დავით ჭიჭინაძე არ იზიარებს.
დავით ჭიჭინაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს ახალი კონსტიტუციის მიღებამდე სახალხო განხილვები გაახსენა და განმარტა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ამომრჩეველთა კითხვებსაც არ პასუხობს.
„ფილარმონიიდან რომ გარბის კითხვებიდან გამომდინარე, რა ვქნათ საზოგადოებასაც ავუკრძალოთ კითხვების დასმა?... ორი დღეა ვიძახით, რომ განცხადებები არ ვაკეთოთ და მე ვუსმენ, რომ ამძაფრებენ და ამძაფრებენ და იძახიან დისციპლინას. მე მიმაჩნია, რომ დისციპლინაა, რომ იმ ადამიანებს, რომელსაც გააჩნდა მის მიმართ კითხვები, მან მიაყენა შეურაცხყოფა, მიატოვა თავისი თანაგუნდელები სცენაზე და წავიდა,“ - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.