ქიმიური პროგრამის განადგურებასთან ერთად, ჩვენ გავგზავნეთ მკაფიო სიგნალი სირიისთვის და მისი მფარველებისთვის, რომ მსგავსი ფაქტის განმეორების შემთხვევაში მათ საფასურის გადახდა მოუწევთ - ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა გააკეთა. მაიკ პენსი ამბობს, რომ აშშ-ს ქმედება იყო მკაფიო გზავნილი რუსეთისა და ირანისთვის, რომ ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევაში ისინი უმკაცრეს პასუხის მიიღებენ.
„როდესაც პრეზიდენტმა გადაწყვიტა ემოქმედა, ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ არამხოლოდ რეჟიმის ქიმიური პროგრამა გაგვენადგურებინა, არამედ გაგვეგზავნა მკაფიო გზავნილი სირიისთვის და ასევე მისი მფარველებისთვის - რუსეთისთვის და ირანისთვის, რომ თუ ისინი ოდესმე გამოიყენებენ ქიმიურ იარაღს - ამისთვის საფასურს გადაიხდიან. შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები არ შეეგუებიან ქიმიური იარაღის გამოყენებას უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ, ჩვენ მზად ვართ ავღკვეთოთ ასადის რეჟიმის მორიგი მსგავსი მცდელობა. ახლა რუსეთი გამიზნულად ავრცელებს დეზინფორმაციას ასადის ამაზრზენი ქმედებების შესახებ და ამ პროცესში საკუთარი მონაწილეობის შესახებ, მაგრამ მკვდარი ბავშვების და მოწამლული ხალხის საშინელი კადრები რეალურ სურათს გვაჩვენებენ. რუსეთის ტყუილს ჭეშმარიტება აცამტვერებს“-განაცხადა მაიკ პენსმა.
ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებს ემხრობა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი.
“ნატოს ყველა მოკავშირე ქვეყანა ერთხმად უჭერს მხარს სამხედრო ოპერაციას, რომელიც სირიის რეჟიმის ქიმიური იარაღის მარაგის შემცირებას და ამგვარად სირიელ ხალხზე მორიგი ქიმიური შეტევების აღკვეთას ისახავდა მიზნად. ნატო მყისიერად გმობს სირიის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას,“-განაცხადა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
მსგავს მხარდასაჭერ განცხადებებს აკეთებს ავსტრალიის პრემიერ-მინისტრიც.
„ქიმიური იარაღის გამოყენება არის დანაშაული. ამის მოთმენა შეუძლებელია. მოვუწოდებთ რუსეთს, რომელიც სირიის სპონსორია, გამოიყენოს საკუთარი გავლენა და ცხოველურ დანაშაულზე პასუხი აგებინოს ასადს. რუსეთმა უნდა აიღოს პასუხიმგებლობა, რადგან სირიის რეჟიმი მთლიანად მასზეა დამოკიდებული,“-განაცხადა ავსტრალიის პრემიერმა მალკოლმ ტურნბულიმ.