„პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობს,“ - ეს განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ გუშინ, „შაბათის კურიერში“ გასაჯაროებულ, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის მიმოწერასთან დაკავშირებით გააკეთა.
პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის გასაჯაროებული მიმოწერის მიუხედავად, მმართველ გუნდში ამტკიცებენ, რომ მათთან პრობლემები არ არსებობს.
კახა კალაძე ამბობს, რომ „ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირება არ არის.
„პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობს, არანაირი უმრავლესობის დაშლის საფრთხეც არ არსებობს, არავის გარიცხვაზე არ არის საუბარი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არანაირი პრობლემა არ არსებობს უმრავლესობაში. ის, რომ იყო აზრთა სხვადასხვაობა, ნორმალური პროცესია, ის, რომ იყო მსჯელობა, ნორმალური პროცესია. ყველაფერი დალაგდება,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა. ის გაჟღერებულ ინფორმაციას, რომ უმრავლესობაში დსაპირისპირებაა, „რუსთავი 2“-ის ფანტაზიას უწოდებს.
„რუსთავი 2" პოლიტიკური მედიაა, ამაზე მე საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს. პოლიტიკური მედიას, როგორც წესი აქვს თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი. მას აქვს თავისი პოლიტიკური ინტერესი, ამიტომ ის, რა პოლიტიკური ქვე ტექსტიდან წარმოაჩენს ამა თუ იმ საკითხს, ეს მისი ფანტაზიის ან მის ინტერესს ეფუძნება, ამიტომ მე დამატებითი კომენტარი არ მაქვს,“ - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "კურიერს" ხელში ჩაუვარდა პრემიერ მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიმოწერა, რომელიც "ქართულ ოცნებაში" არსებულ კონფლიქტს ადასტურებს. რამდენიმე მესიჯიდან ირკვევა, რომ გიორგი კვირიკაშვილსა და ირაკლი კობახიძეს შორის დიდი დაპირისპირებაა.