20 ნოემბერი 2024,   09:38
ვრცლად
ომბუდსმენის კრიტიკული ანგარიში - იუსტიციის საბჭოს სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობს

იუსტიციის საბჭოს სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობს. განხილვის საგანი სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშია, რომელშიც მოყვანილი ფაქტები საბჭოს მოსამართლე  წევრმა ვასილ მშვენიერაძემ ეჭვქვეშ დააყენა და  სამუშაო ჯგუფის შექმნა მოითხოვა. მისი თქმით, უნდა მოხდეს იმ ინფორმაციის გადამოწმება, რომელიც ანგარიშში მოხვდა.

„ღია კარის მტვრევის მექანიზმი არ უნდა გამოვიყენოთ და რაც რეალურად არის მხოლოდ ეს უნდა გამოვიყენოთ. ამისთვის საჭირო არის შეიქმნას ჯგუფი. რამდენიმე მოსამართლე თუ არა მოსამართლე წევრი გაერთიანდეს. გამოვითხოვოთ ეს სტატისტიკა, კიდევ ერთხელ გადავხედოთ, იქნებ თქვენს სამსახურს შეეშალა რამე,“-განაცხადა ვასილ მშვენიერაძემ.

იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ კი საპასუხოდ საბჭოს შესთავაზა გაფართოებული სხდომის ჩატარება, რომელსაც სახალხო დამცველის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

იუსტიციის საბჭოს წევრის ნაზი ჯანეზაშვილის ინფორმაციით, სახალხო დამცველის ანგარიშში იუსტიციის საბჭოს მუშაობა არის ძალიან ნეგატიურად შეფასებული.

„ზოგადად , საბჭოს საქმიანობა არის ძალიან ნეგატიურად შეფასებული. სახალხო დამცველმა არაერთხელ მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს  კონკრეტული მოსამართლეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებაზე თუმცა ხშირ შემთხვევაში არ იყო სათანადო რეაგირება საბჭოს მხრიდან და არ იყო სათანადო პასუხი გაცემული სახალხო დამცველზე,“-განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

დღის ამბები