20 ნოემბერი 2024,   09:40
ვრცლად
„როსსელხოზნადზორის“ ექსპერტები საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს ეცნობიან

„როსსელხოზნადზორის“ ექსპერტები საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს ეცნობიან.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რუსმა ექსპერტებმა ვითარების გაცნობის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფიტოსანიტარიული ლაბორატორია და აღმოსავლეთ საქართველოში მავნებლის მონიტორინგის სისტემები დაათვალიერეს.

რუსი ექსპერტები დასავლეთ საქართველოში, აბაშის მუნიციპალიტეტში მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის მუშაობას გაეცნენ, სადაც მავნებლის გავრცელების არეალსა და მონიტორინგის შედეგებს ონლაინ-რეჟიმში იღებენ.

„მავნებელი არ ფიქსირდება აღმოსავლეთ საქართველოში განლაგებულ ხაფანგებზე, რაც იმის საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ ჯერჯერობით არ წარმოადგენს საშიშროებას.

დასავლეთ საქართველოს რაც შეეხება უკვე ფიქსირდება მავნებლის რაოდენობები გარკვეულ ხაფანგებზე გარკვეულ რეგიონებში, თუმცა ჯერ ჯერობით მასიურ გამოსვლას ადგილი არ აქვს“ - აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია.

რუსეთის მცენარეთა დაცვის სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ მავნებელთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია საქართველოს გამოცდილება და ის ღონისძიებები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ ხორციელდება.

„ჩვენ ძალიან მოგვეწონა შტაბის მუშაობა და ორგანიზებულობა, კომპიუტერული პროგრამა, სადაც თავს იყრის ინფორმაცია მავნებლის გავრცელებასთან დაკავშირებით. სწორად და მეცნიერული გათვლებით არის განლაგებული დამჭერი მოწყობილობები იმისათვის, რომ მავნებლის იდენტიფიცირება დროულად მოხდეს და შემდეგ ქიმიურად დამუშავდეს. მოხარულები ვართ, რომ ყველაფერი გათვლილი და მეცნიერულად დასაბუთებულია. იმედი გვაქვს, რომ საჭიროების შემთხვევაში ჩვენც გამოვიყენებთ თქვენს გამოცდილებას,“ - აცხადებს რუსეთის მცენარეთა დაცვის სპეციალისტი ნატალია სოლოვიოვა .

დღის ამბები