საპარლამენტო უმრავლესობის ბრალდებებს, რომელიც 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულის, წარსულში შეწყალების ფაქტს ეხება, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უპასუხეს. განცხადება გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკურმა მდივანმა, ფიქრია ჩიხრაძემ გააკეთა. მისი თქმით, პრეზიდენტის წინააღმდეგ "ბინძური პიარკამპანია" მიმდინარეობს.
ფიქრია ჩიხრაძის შეფასებით, "ქართული ოცნებისა" და "ევროპული საქართველოს" ლიდერების კომენტარები ორკესტრირებულია.
მორიგი დაპირისპირების მიზეზი მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალება და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებები გახდა, რომელმაც „ევროპული საქართველო“ და უმრავლესობა პრეზიდენტის წინააღმდეგ გარიგებაში დაადანაშაულა.
„მესმის, როდესაც ზარდიაშვილი იფშვნეტს ხელებს და ბედნიერია იმით, მიუხედავად ამ დიდი ტრაგიზმისა, რომ მიეცა შესაძლებლობა, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ ააგოროს ყველაფერი. მაგრამ ყველა ის ადამიანი, მათ შორის „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები, რომელიც არ ჩამოუვარდებიან ზარდიაშვილს და ზუსტად იმავე ლექსიკონით და იმავე სულისკვეთებით აკრიტიკებენ პრეზიდენტს, ეს უკვე ძალიან მძიმე რამ არის. მათ შეუძლიათ თანამშრომლობა, ძალიან დიდი ხანია, ამაზე არის საუბარი. ჩვენ არც ვიწონებთ და არც რაიმე პრობლემა გვაქვს მათ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ეს მათი გადასაწყვეტია და ამომრჩეველმა შეაფასოს მერე რა იქნება, უბრალოდ ის ბინძური პიარკამპანია, რომელიც აგორებულია და ამ პიარკამპანიაში ერთად არიან წარმოდგენილები, ის ადამიანები, საზოგადოების წარმომადგენლები გულწრფელად აღშფოთებულები და შოკში მყოფები არიან, მათგან ნებისმიერი კრიტიკა მისაღებია, მაგრამ ყველაფერი რომ ზუსტად იციან, კალენდარულადაც, კანონის თვალსაზრისითაც და ის ადამიანები აკეთებენ ამას, ეს უკვე მიგვანიშნებს, რომ რაღაც ორკესტრირებული შეტევის დაგეგმვასთან გვაქვს საქმე. ეს ცხადზე ცხადია,“- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.