„პრეზიდენტ მარგველაშვილისნაირი შეცდომები ნებისმიერი ქვეყნის პრეზიდენტს რომ დაეშვა დემოკრატიულ სამყაროში, აუცილებლად, მას შეხსენებაც არ დასჭირდებოდა, ის თავისი ნებით საზოგადოებას ბოდიშს მოუხდიდა და გადადგებოდა,“- ეს განცხადება, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმა გააკეთა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულის, წარსულში შეწყალების ფაქტთან დაკავშირებით პრეზიდენტისა და გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ.
„პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ შეწყალებულთა სიას რომ გადავხედოთ, ჩვენ ვიხილავთ მკვლელებს, რომელიც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა შეიწყალა და შემდეგ მათ კიდევ მკვლელობა ჩაიდინეს, ჩვენ ვიხილავთ ნარკორეალიზატორებს, როდესაც პრეზიდენტმა შეიწყალა, მათ ორმაგი, სამმაგი ნარკოტიკი შემოიტანეს, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა შეიწყალა თავისი ცოლის ძმა, რომელსაც 17 წლიანი სასჯელი ჰქონდა და სამჯერ ნასამართლევი იყო. შესაბამისად, აბაშიშვილისა და პრეზიდენტ მარგველაშვილის გუშინდელი განცხადებები იყო სავსებით უპასუხისმგებლო. არამც თუ ჩვენ ვერთიანდებით ოპოზიციასთან, მისმა საქციელმა, არაადეკვატურმა, უპასუხისმგებლო შეწყალებებმა მთლიანად საზოგადოება, როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიციური სპექტრი გააერთიანა და ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ მისი საქციელები და შეწყალებები სავსებით უპასუხისმგებლოა,“- განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.