26 აპრილი 2024,   15:20
ვრცლად
გახმაურებული მკვლელობა ხორავას ქუჩაზე - მოკლული დავით სარალიძის მამის მტკიცებით, მთავარ მოწმეზე ზეწოლას ახორციელებენ

პროკურატურის ოქროს მოწმის მიხეილ კალანდიას სამდღიანი დაკითხვა დღეს დასრულდა. ის სასამართლოს სამივე პროცესზე დეტალურად აღწერდა, ვინ და რა ვითარებაში მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები 51-ე სკოლის მოსწავლეებს.

მოკლული დავით სალარიძის მამა, ზაზა სარალიძე, ამბობს, რომ ფიცის ქვეშ მოწმე ცრუობდა და საკუთარი დანაშაულის დასაფარად სასამართლო განზარახ შეცდომაში შეჰყავდა.

სასამართლო დარბაზიდან დღეს მოწმე კალანდია ისე გააპარეს, რომ ჟურნალისტებს მისთვის კითხვის დასმის საშუალება არ ჰქონოდათ.

ზაზა სარალიძე მოითხოვს, რომ ცრუ ჩვენებისთვის მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრას.

მოკლული მოსწავლის მამა დარწმუნებულია, რომ მთავარ მოწმეზე ზეწოლას მისი ნათესავი, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი, ახდენს. სუბელიანი ასევე აშანტაჟებს პროკურატურასაც, რის გამოც ამ დანაშაულზე სამართალდამცველები თვალს ხუჭავენ.

მოკლულის მამა ყურადღებას ამახვილებს იმ ინფორმაციაზე, რომელიც სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელმა გაავრცელა.

ზვიად კუპრავა ამტკიცებს, რომ სუბელიანი ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის კადრებს ფლობს და მთავარ პროკურორს ახლა ამ კადრების გავრცელებით ემუქრება.

51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის ბრალდებით დაკავებულების ადვოკატები მოითხოვენ, სასამართლომ არ გაიზიაროს მოწმე კალანდიას ჩვენება, რადგან მან პოზიცია ხუთჯერ შეცვალა და ურთიერთგამომრიცხავ ფაქტებზე ისაუბრა.

მთავარი მოწმეზე შესაძლო ზეწოლის ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

დღის ამბები