„ამ ტრაგიკული ფაქტის ირგვლივ გამოჩნდა ძალიან ბევრი სუბიექტური და მათ შორის პოლიტიკური ინტერესიც,“ - ეს განცხადება თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარემ, შალვა შავგულიძემ, ბარნოვის ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის შესახებ გააკეთა.
შალვა შავგულიძე ამბობს, რომ მომხდარის ირგვლივ იმდენად დიდია ინტერესების სიმძაფრე, რომ ისტერია შეიქმნა, რომელიც ობიექტურად რეალობის დანახვას უშლის ხელს.
თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე ამბობს, რომ აღნიშნულ შემთხვევაში, ვერავინ ვერ იტყვის, რომ შეწყალების გამოყენება კანონის დარღვევით მოხდა, ან რაიმე სტანდარტი იყო დარღვეული.
„ზოგადად ოჯახური ძალადობა ცუდია, მაგრამ ჩვენ საზოგადოებაში არის ისეთი სტანდარტი, როდესაც მეუღლე ითხოვს, რომ ნუღა მოახდევინებთ ჩემს მეუღლეს სასჯელს ჩემთვის ფიზიკური ძალადობის გამო, როდესაც სასჯელაღსრულება არ იძლევა უარყოფით დასკვნას მისი გათავისუფლების შესახებ, აი, ესეთ შემთხვევაში რომ იქნა შეწყალება გამოყენებული, ეს ფაქტი იწვევს საზოგადოების აღშფოთებას? ეს ტრაგიკული შემთხვევა რომ არ მომხდარიყო, საზოგადოება იტყოდა, რომ ეს როგორ გაბედა პრეზიდენტმა, როგორ შეიწყალა?“ - ამბობს შავგულიძე.
შავგულიძე ამბობს, რომ მომხდარი ტრაგედიის გამოყენება მოხდა გარკვეული სუბიექტური და პოლიტიკური მიზნებით და ეს არის პირველ რიგში ხელისუფლება.
„ხელისუფლებას სურს, დასაჯოს მარგველაშვილი და არ უშვებს არც ერთ შემთხვევას, ვინაიდან ის აღმოჩნდა ურჩი,“ - ამბობს შავგულიძე.