20 ნოემბერი 2024,   09:30
ვრცლად
რატი იონათამიშვილის ინფორმაციით, მარგველაშვილის შეწყალებული პატიმრებიდან 575-მა დანაშაული განმეორებით ჩაიდინა

ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა და თავდასხმა პრეზიდენტზე - ქართული ოცნების წევრი, რატი იონათამიშვილი, პასუხისმგებლობას მომხდარზე, კოლეგების მსგავსად, გიორგი მარგველაშვილს აკისრებს, რომელმაც ამ საქმეში ბრალდებული შეიწყალა.

მისი თქმით, ის არ საუბრობს კონკრეტულად გიორგი მარგველაშვილზე, როგორც პერსონალიაზე. რატი იონათამიშვილის თქმით, შეწყალების კომისიამ  3617 ადამიანი შეიწყალა და მათგან 575-მა განმეორებით ჩაიდინა ისევ დანაშაული და ეს ფაქტები მეტყველებს ყველაფერზე.

„ამიტომ ეს კითხვები მარგველაშვილის მიმართ გამაჩნია. როდესაც ჩვენს წინაშე დგება ისეთი ფაქტები, როდესაც შეწყალებული ადამიანები იდენენ დანაშაულს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქმე გვაქვს ან უპასუხისმგებლობასთან, ან არაკომპეტენტურობასთან,“ - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციის კრიტიკას, ქართული ოცნების მიერ შედგენილ პოლიტპატიმართა სიასთან დაკავშირებით, რომლის პრაქტიკაც პრეზიდენტმა გააგრძელა, რატი იონათამიშვილი ოპონენტებს ურჩევს, ისაუბრონ იმ მავნე დანაშაულებებზე, რასაც თავად სჩადიოდნენ 2012 წლამდე.

„როდესაც ნაციონალური მოძრაობა იყო სათავეში, მათი რეპრესირებული პოლიტიკა შეეხო თითოეულ ჩვენს ოჯახს,“ - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დეპუტატი გამოეხმაურა პრეზიდენტის ბრიფინგს, რომელიც ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა გამართა. მისი თქმით, ის იმედგაცრუებულია.

„გამოვიდა პრეზიდენტი და გადაბრალებაზე წავიდა, რომ, თურმე, სოცმუშაკს უფრო მეტი პასუხისმგებლობა ჰქონია, ვიდრე პრეზიდენტს,“ - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მმართველი გუნდის წევრი ამბობს, რომ შეწყალების პრაქტიკა უნდა მოწესრიგდეს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები