20 ნოემბერი 2024,   09:38
ვრცლად
დებატები პარლამენტში - ოპოზიცის პროტესტის მიუხედავად, ვახტანგ გომელაურის მოხსენება დაიხურა

პარლამენტში ვახტანგ გომელაურის მოხსენება დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოში სხდომის დახურვას წინ უძღოდა დებატები პარლამენტში, რადგან ოპოზიცია შეხვედრის დახურვის წინააღმდეგი იყო.

საჯარო ანგარიშის შემდეგ სხდომის დახურვა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა იმ მოტივით მოითხოვა, რომ სხდომაზე შესაძლოა, საიდუმლო დეტალები შეიძლება გაჟღერებულიყო. 

ოპოზიცის თქმით კი, დახურული სხდომის ფარგლებშიც კი სუს-ის წარმომადგენლები სახელმწიფო საიდუმლოებაზე არ საუბრობენ, შესაბამისად, მათთვის მიუღებელი იყო სხდომის დახურვა. „ევროპული საქართველოს“ წევრების შეფასებით, ეს "საზოგადოების მოტყუებაა.“

„რატომ უნდა იყოს დახურული, საერთოდ არ გაქვთ არგუმენტი, კორუფციასთან დაკავშირებით, რომელიც „ქართული ოცნების“ სავიზიტო ბარათი გახდა, დღეს არის ანგარიში, სადაც ძალიან სუსტად არის წარმოდგენილი ეს მუხლი, რატომ უნდა იყოს დახურული?“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ აუცილებელია საზოგადოებამ ქვეყანაში არსებულ პრობლემებსა და საფრთხეებთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხები მიიღონ.

„ის კი არა, რომ კონფიდენციალურ ან სენსიტიურ ინფორმაციას გვაცნობენ, არამედ გვიყვებიან იმას, რაც პრესაში წერია. ჩემთვის გასაოცარი იყო, როდესაც პრობლემების მრავალრიცხვოვანი ჩამონათვალი მოვისმინეთ, რომელიც სწორედ მათ შორის მისი უწყების მუშობამ უნდა გადაჭრას და ამ პრობლემების არა თუ გადაჭრა ხდება, არამედ საფრთხეების გაღრმავება ხდება. ამ ქვეყნის მოქალაქეები იმსახურებენ, რომ მოისმინონ ის პასუხები, რომელიც ჩვენს მწვავე შეკითხვებზე აქვს,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნა გაიხსენა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან, ძველი იქნება თუ ახალი, ჩვენ მიმართ გამჭვირვალობაზე კითხვის ნიშნების დასმა არის სიცრუე და უტიფრობა,“- განაცხადა სოფო კილაძემ.

მმართველი გუნდის ბრალდებას „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ უპასუხა.

„ქალბატონო სოფო, 2018 წლის 18 აპრილია, 13:40 საათია, თუ შეიძლება დღევანდელ დღეზე ვილაპარაკოთ, რა ხდება. გასაგებია და იმედი მაქვს, რომ სუს-ის თავმჯდომარეს ექნება ისეთი ინფორმაცია, რომელიც აჯარო არ არის და სენსიტიურია, ამისთვის არსებობს მარტივი პროცედურა, კითხვები ისმვეა საჯაროდ, თუ მას მიაჩნია, რომ რომელიმე კითხვაზე პასუხი მოითხოვს დახურულ სხდომას, ის ამბობს, რომ ამ კითხვას უპასუხებს დახურულ ნაწილში,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები